Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიგნალის ჩამხშობი თუ გამაძლიერებელი?


გუშინ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ხალხმრავალ აქციაზე მყოფებს უჭირდათ მობილური ინტერნეტის გამოყენება, ასევე დარეკვა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სააკაშვილთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე კომუნიკაცია ჭირს (იგივე მოხდა რამდენიმე დღის წინ რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთანაც). ზოგიერთი ვერსიით, ხარვეზი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს დემონსტრაციის მასშტაბს და რადიოსიგნალებზე გაძლიერებულ დატვირთვას, სხვა ვერსიით კი - აპარატურას, რომელიც აქციის დასრულების შემდეგ, საკრებულოს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღმოაჩინა.

14 ოქტომბერს პრობლემა შეექმნათ არა მხოლოდ მობილური ტელეფონების მომხმარებლებს, არამედ ჟურნალისტებსაც. რომლებიც პირდაპირი ეთერის ტრანსლაციისთვის იმავე ტექნოლოგიას იყენებენ. განსხვავდება ისაა, რომ ვიდეოტექნიკას შეუძლია რამდენიმე სიმბარათის გამოყენება უფრო ძლიერი სიგნალის მისაღებად, რადგან ამ დროს ხმასთან ერთად მაღალი ხარისხის გამოსახულებაც გადაიცემა.

აქციის დასრულების შემდეგ, საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან” ლილე ლიპარტელიანმა თბილისის საკრებულოს შენობაში ნახა ორი მოწყობილობა და მათთან ერთად, მისთვის უცნობი კაცი. ლიპარტელიანის მტკიცებით, ერთ-ერთი დადასტურებულად ინტერნეტის ჩამხშობი მოწყობილობაა, მეორე - სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატი.

მისივე თქმით, შენობაში მყოფი უცნობის ვინაობის გარკვევა სცადა, თუმცა კაცი გაიქცა მესამე სართულზე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კაბინეტში შეიკეტა.

„ორი ყუთი იყო. ორივე კოდირებული იყო და, შესაბამისად, გახსნის საშუალება ჩვენ არ გვქონია“, - აცხადებს ლიპარტელიანი და ამატებს, რომ პოლიციას გამოუძახა. მათ „ჩაკეტეს კარები, მაგრამ ადამიანებმა, რომლებსაც უნიფორმა არ ეცვათ, გახსნეს ეს აპარატები, ჩიპები ამოიღეს (მე რასაც მოვკარი თვალი) და სარდაფის მხრიდან გაიტანეს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, საკრებულოში ნანახი მოწყობილობა არის „WolvesTeam“-ის პორტატული სიგნალის ჩამხშობი „ბომბ ჩამხშობი“, რომელიც გამოიყენება სამხედრო ბანაკებში, სამთავრობო შენობებში, საპოლიციო გამშვებ პუნქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უარყო, რომ საკრებულოში აღმოჩენილი მოწყობილობები სიგნალის ჩასახშობად გამოიყენეს.

„აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე მობილური კავშირის მეშვეობით“, - აღნიშნავს შსს.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, „ეს იყო პოლიციელებს შორის კავშირგაბმულობის სისტემის უზრუნველსაყოფად გამოყენებული აპარატურა, რეპიტერი, რომლის მიზანია, რომ პოლიციელებს შორის კავშირი იყოს გამართული და არ იყოს შეფერხებები“.

„WolvesTeam“-ის ვებსაიტის თანახმად, კომპანია ასევე ყიდის რეპიტერებს - სიგნალის გამაძლიერებლებს.

იგივე პრობლემა ჰქონდათ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, რადიო თავისუფლებას, 4 ოქტომბერს. ამ დღეს რუსთავში, საპატიმროსთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია გამართა. თუმცა დარეკვა და ინტერნეტის გამოყენება, წინა დღეებისგან განსხვავებით, ძალიან ჭირდა დილიდან, როცა ციხესთან მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ.

ხალხმრავალი შეკრებების დროს, სატელეფონო კომუნoკაციის ხარვეზები ხშირია. თუ, პირობითად, ერთ ანძას ჩვეულებრივ შეუძლია გაატაროს ერთდროულად 1000 ზარი, ხალხმრავლობის დროს, როგორც კი 1001-ე ზარი ირთვება, იწყება პრობლემა. ისევე, როგორც მაღალი დატვირთვის შემთხვევაში, მაგალითად, შეიძლება გაითიშოს ვებსაიტი.

ტელეკომუნიკაციების კომპანიები, „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ აცხადებენ, რომ 14 და 4 ოქტომბერს ხარვეზები არ ყოფილა.

„თქვენს მიერ აღნიშნულ დღეებში მაგთიკომის ქსელში სისტემური ან ლოკალური ტექნიკური ხარვეზი არ დაფიქსირებულა, თუმცა ზოგადად ერთ ლოკაციაზე ხალხმრავალმა შეკრებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე ქსელის გადატვირთვა და დაფიქსირდეს გარკვეული შეფერხებები მომსახურების მიღებისას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „მაგთიკომში“.

„სილქნეტში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გარდა იმისა, რომ თავად კომპანია აფიქსირებს ხარვეზებს არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლებიც ატყობინებენ პროვაიდერს ამის შესახებ. 14 ოქტომბერს კი „სილქნეტში“ არავის დაურეკავს:

„სილქნეტის მობილურ ქსელში 14 ოქტომბერს არ დაფიქსირებულა შეფერხება. მობილური კავშირი ხორციელდებოდა ხარვეზების გარეშე“.

თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ინტერნეტკომუნიკაციის სიხშირეებში ჩარევის შესაძლებლობას, ინტერნეტის სიჩქარის დაგდებას და ხარვეზების გაჩენას.

„არავინ იცის. შეიძლება მართლაც რაღაც მოწყობილობაზე არის საუბარი და არ სჭირდებოდეს მესამე პირის ჩართვა და, ვთქვათ, სახელმწიფომ თვითონ გააკეთოს ინტერვენცია და ჩაახშოს სიგნალი გარკვეულ არეალზე“, - ამბობს ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი მიხეილ დევსურაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG