რუსთავის #12 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად იქნებოდა გაუარესებული.
„როგორც იქნა, შევედი და ვნახე. მე, რომ ვნახე ბოლოს კვირას, მას შემდეგ ველოდი უარეს მდგომარეობას. ახლა, რასაც ველოდებოდი ცუდს ისეთი მდგომარეობა არ არის“, - თქვა ექიმმა. მან დაამატა: „წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი შიმშილობს ორი კვირაა, წითელი ლოყები, რომ არ ექნება, გასაგებია“.
მისი აზრით, ჯერჯერობით საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება არ არის. „საუბედუროდ, დადგება ეს მომენტი“, - აღნიშნა ექიმმა“.
როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, სააკაშვილი გეგმავს შიმშილობის გაგრძელებას. „პრეზიდენტმა მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს შიმშილობას და ბოლომდე იბრძოლებს“, - ამბობს ექიმი.
ის ყურადღებას ამახვილებს შიმშილობის გამოცხადების მიზეზზე: „არ უნდა დაივიწყოთ ერთი რამ, ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი“.
ყიფშიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ სამშაბათს შეხვდეს ექიმთა სპეციალურ ჯგუფს, ჩაიტაროს ტესტები და მიიღოს წამლები.
ნიკოლოზ ყიფშიძეს სააკაშვილი 14 ოქტომბერს თბილისში გამართული დემონსტრაციის შესახებაც ელაპარაკა. „განწყობა აქვს ძალიან მხნე, გაუხარდა 14 ოქტომბრის აქცია, მაგაზე მელაპარაკებოდა კაი ხანი“, - თქვა ექიმმა.
ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მონახულებას 16 ოქტომბერსაც გეგმავს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა სპეციალური ჯგუფი კი მიხეილ სააკაშვილს 19 ოქტომბერს მოინახულებს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზად არის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილოს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, დაპატიმრების დღიდან, შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.