Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი პოლიციამ დააკავა


გიორგი თაბაგარი
გიორგი თაბაგარი

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ადმინისტრაციული წესით თბილისში სამი პირი დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო „ფეისბუკზე" გავრცელდა, რომლის ავტორიც წერს, რომ დაკავებულია „თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი.

როგორც შსს-მ გვაცნობა, დაკავების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევა, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

„თბილისი პრაიდმა" „ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ დაკავებულები უკვე გათავისუფლებულები არიან. მან ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აცნობეს.

„აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია", - წერს „თბილისი პრაიდი".

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სამი პირის დაკავების საფუძველი.

პოლიციამ ლგბტ აქტივისტის გიორგი თაბაგარის 15 დღით ადმინისტრაციული წესით დაპატიმრება 7 ოქტომბერს მოითხოვა. იმ შემთხვევაში საქმე ეხებოდა 5 ივლისის იმ ეპიზოდს, როცა თბილისის ქუჩებში ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობდნენ, მას კი პოლიცია დაუკავშირდა და დარბეულ ოფისში მისვლა სთხოვა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოსამართლის კითხვაზე, რა პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა პოლიცია თაბაგარის წინააღმდეგ, გამომძიებელმა უპასუხა, რომ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სურდა.

5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დღეს დილიდან შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და დაიწყეს ჟურნალისტებზე ძალადობა, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ამ დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა, თუმცა დღემდე დაკავებულია მხოლოდ 30 პირი, მათ შორის არ არიან ორგანიზატორები.

იმის მიუხედავად, რომ ამ 30 პირის შემთხვევაში განაჩენი ჯერ არ დამდგარა და გამოძიება ისევ გრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ყველა მოძალადე დაკავებული და დასჯილია.

XS
SM
MD
LG