Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო "ვაქცინაციის მარათონი"


დღეიდან, 18 ოქტომბრიდან საქართველოს დიდ სოფლებში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეა, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. ეს პროცესი სხვადასხვა რეგიონში 50-მდე სოფელს მოიცავს. უშუალოდ აცრამდე, რომელიც ნებაყოფლობითია, ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ.

მარათონის მიზანია, კვლავ გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან დღიურად 10 ათასსაც კი ვერ აღწევს.

მარათონის დაწყებას შიდა ქართლში, სოფელ კავთისხევში დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მინისტრ ტიკარაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 100%-ით აცრა, რადგან ყველაზე ხშირად კოვიდით სწორედ ეს ადამიანები ავადდებიან და მათ შორის მაღალია ლეტალობაც. ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა ახალგაზრდებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებას აპირებენ, ჯერ მშობლების, ბებიების და ბაბუების აცრაზე იზრუნონ.

სოფლად მცხოვრები მოქალაქეების აცრის პროცესში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გარდა, ჩართულია მოძრავი ამბულატორია. ის სახლში მოემსახურება ვაქცინაციის მსურველებს, რომლებიც აცრის პუნქტებამდე ვერ მიდიან.

„ვაქცინაციის მარათონის“ დაწყებამდე ერთი დღით ადრე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გამოაქვეყნა საგანგებო ვიდეომიმართვა, რომელშიც მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება და მეხუთე ტალღა დაწყებულია, თუმცა, შესაძლებელია მისი შეჩერება, რადგან დღეს ქვეყანას აქვს ეფექტური იარაღი - ვაქცინა, იმისთვის, რომ შეაკავოს პანდემია და გადარჩეს ათასობით ადამიანის სიცოცხლე. გამყრელიძემ ყველას მოუწოდა, „ვაქცინაციის მარათონში" ჩაერთონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 17 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 2 260 ადამიანი. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრის დასაწყისიდან. ოქტომბერში ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა. დანარჩენ დღეებში, სხვადასხვა დროს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3000-დან 8000-მდე იყო, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

განსაკუთრებით შემცირდა პირველი დოზით აცრის მაჩვენებელი. ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, სულ მცირე ერთი დოზით აცრილთა საერთო რაოდენობა გაზრდილია 600-ზე მეტით, ხოლო სრულად ვაქცინირებულების - 5300-ზე მეტით.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 914 269 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.6%. სრულად ვაქცინირებულია - 902 660, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 9500-ს გადააჭარბა. 24 საათში ჩატარებული 25 385 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 479 შემთხვევა. უქმე დღეებში, კვირის სხვა დღეებთან შედარებით იკლებს ტესტირების მაჩვენებელი და, შესაბამისად, ნაკლებია დადასტურებული შემთხვევების რიცხვიც. გასული კვირის განმავლობაში, როცა ტესტირების დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 40 000-დან 60 000-მდე იყო, ყოველდღიურად აღირიცხებოდა ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა, 16 ოქტომბერს კი, ამ მაჩვენებელმა 5000-საც გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG