Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი მიქანაძე თამარ ჟვანიას უზბეკეთში IFES-ის დირექტორად დანიშვნას ულოცავს


"ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე, რომელის ხელმძღვანელობით შექმნილმა საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიამაც დაადგინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას უზბეკეთში ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. დეპუტატმა ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" (IFES) დირექტორად მუშაობის დაწყება პარლამენტის ტრიბუნიდან მიულოცა.

"მსურს მივულოცო ქალბატონ თამარს ასეთი მაღალი აღიარება საერთაშორისო დონეზე... რაზე მეტყველებს, ამერიკული მთავრობის მიერ დაფინანსებული არჩევნებზე მომუშავე ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დანიშვნა, უპირველესად თამარ ჟვანიას კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის აღიარებაზე... თამარ ჟვანიას პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების შესახებ თქვენ [ოპოზიციამ] ისედაც იცით, ისევე როგორც იცოდით და იცით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა... მე თქვენ ნაცვლად შემრცხვებოდა და ახლა მაინც მოვუხდიდი ბოდიშს", - თქვა დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

თამარ ჟვანიას უზბეკეთში IFES-ის დირექტორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკვე ასახულია ორგანიზაციის ვებგვერდზე. იქ აღნიშნულია, რომ მას 21-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 8 წელი იმუშავა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარედ.

თამარ ჟვანიას მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუჩნდა - ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და უარს ამბობდნენ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებაზე. ამ მოტივით, ისინი ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ.

რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, რიგ პარტიებთან ინდივიდუალური კონსულტაციებით, რიგ შემთხვევაში კი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

თამარ ჟვანიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით 30 ივნისს დატოვა. თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი კანდიდატურა იმდროინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG