Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

96 წლის გერმანელ ქალს ნაციზმის ბრალდებით ასამართლებენ


გერმანიაში სასმართლოს წინაშე წარდგა 96 წლის გერმანელი, ირმგარდ ფურხნერი. მას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკ შტუტჰოფში 11 ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.

სასამართლოს პირველ სხდომაზე, რომელიც 27 სექტემბერს გაიმართა, ფურხნერი არ გამოცხადდა. ის გავიდა ხანდაზმულთა სახლიდან, ჩაჯდა ტაქსიში და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. სხდომა მის გარეშე დაიწყო, სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა, ოთხი საათის შემდეგ კი ფურხნერი დააკავეს. ახლა ის ოფიციალურად ითვლება პირად, რომელიც მართლმსაჯულებას ემალება.

ირმგარდ ფურხნერი ცოცხლად გადარჩენილ ნაცისტ დამნაშავეთა კატეგორიას განეკუთვნება. ის მრავალი წლის შემდეგ პირველი ქალია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა ნაციზმის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებებისთვის. 1943-45 წლებში ფურხნერი მუშაობდა შტუტჰოფის ბანაკში, რომელიც ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მაშინ ის 18-19 წლის იყო.

ფურხნერს არ ჰქონდა სამხედრო წოდება, ბანაკში ის მბეჭდავად მუშაობდა და ბანაკის უფროსის, პაულ-ვერნერ ჰოპეს პირადი მდივნის მოვალეობებს ასრულებდა.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ფურხნერის საქმიანობა ხელს უწყობდა პატიმართა სისტემატურ მკვლელობებს, ფურხნერს აუცილებლად უნდა ენახა პატიმართა სიები და მათი დახოცვის ანგარიშები.

ყოფილი მბეჭდავის ადვოკატები ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მან არ იცოდა, რა ხდებოდა კომენდატურის გარეთ. 1954 წელს გამართულ პროცესზე, რომელზეც ფურხნერი მოწმედ იყო გამოძახებული, ის მოჰყვა, რომ ჰოპე მას პირადად უკარნახებდა სხვადასხვა დირექტივასა და ბრძანებას და რომ მან არაფერი იცოდა ბანაკის დანიშნულების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG