Accessibility links

site logo site logo

მოსკოვი ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე თალიბანს მასპინძლობს


რუსეთის პრეზიდენტის წარგზავნილი ავღანეთში, ზამირ ქაბულოვი თალიბანის დელეგაციის წევრებთან საუბრისას, 2019 წლის 28 მაისი

რუსეთი მასპინძლობს ავღანეთის თალიბანის მაღალი რანგის დელეგაციას თავისი სწრაფვის ფონზე, განამტკიცოს გავლენა შუა აზიაში და თავიდან იქნეს აცილებული არასტაბილურობა და ავღანეთიდან ძალადობის გავრცელება მეზობელ ქვეყნებში.

20 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს თალიბანის ძალისხმევას „სამხედრო-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და სახელმწიფო აპარატის მუშაობის მოგვარებისთვის“, მაშინ როცა ტერორისტული ორგანიზაციები, „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ყაიდა“, არასტაბილურობით სარგებლობას ცდილობენ.

მოსკოვი თვლის, რომ მართლაც ღია, ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბება ერთადერთი საშუალებაა ავღანეთში „სტაბილური მშვიდობის“ მისაღწევად, თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, თალიბანის ოფიციალური აღიარება ჯერჯერობით განხილვის საგანი არ არის და ეს საჯაროდ გამოცხადდა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ჩინეთის, პაკისტანის და სხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები.

თალიბების დელეგაციას მეთაურობს გაერთიანების პრემიერ-მინისტრი, აბდულ სალამ ჰანაფი.

ეს თალიბანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა მას მერე, რაც საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობისგან მიიტაცეს ძალაუფლება ავღანეთში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, „საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება“ თალიბანის მიერ ხელისუფლების მიტაცების შემდეგ. მისივე თქმით, დღის წესრიგში იქნება ქაბულში „ინკლუზიური მთავრობის“ შექმნაც.

თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მოჯაჰედმა, განაცხადა, რომ დაჯგუფება მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკური დახმარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის თხოვნით. მისი თქმით, შეხვედრა მიეძღვნება ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს და რეგიონში უსაფრთხოებას.

მოსკოვი ცდილობდა თალიბანთან კონტაქტს, ბოლო წლებში არაერთხელ მიიწვია მისი წარმომადგენლები მოსკოვში, მაგრამ ის არ უღიარებია და თალიბანი კვლავაც აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციაა რუსეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG