ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კომენტარს არ აკეთებს საქართველოში შექმნილი ვითარებისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატთა წერილზე და არც ამ წერილის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე. ამის შესახებ მან დღეს მედიას უთხრა ბათუმში, სადაც ევროკომისიის წარმომადგენელთან, ლორენს მერედიტთან ერთად იმყოფება.
„მე, როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ წერილზე, რომელსაც ინდივიდუალურად აწერენ ხელს პარლამენტარები, ასევე, არ გავაკეთებ კომენტარს იმ კომენტარებზე, რომლებიც ამ წერილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთდა“, - განაცხადა ჰარცელმა.
ამასთან, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც წერილს ხელს აწერენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტის მუშაობასა და საგარეო პოლიტიკის, მათ შორის, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რეგიონის და თავად საქართველოს საკითხებში.
კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყურადღებით აკვირდება ყოფილი პრეზიდენტის საქმეს, ფოკუსირებულია ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე და მოელის გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლო პროცესს. ელჩის განცხადებით, ისინი იღებენ და მიჰყვებიან რჩევებს და შეფასებებს ძირითადი მხარეებისგან, მათ შორის სახალხო დამცველისგან, რომელსაც სპეციფიკური მანდატი აქვს.
19 ოქტომბერს ევროპარლამენტართა ჯგუფმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების აუცილებლობაზე. ევროპარლამენტარები აღნიშნავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა აჩენს შეკითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. 20 ოქტომბერს, წერილის შესახებ მედიის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამდენს არ უნდა ბედავდნენ და ვერ ივლის ვერცერთი ევროპარლამენტარის ჭკუაზე, განსაკუთრებით ისეთების, ვისაც სააკაშვილთან აკავშირებს პირადი ნაცნობობა და მეგობრობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე - 3 წლით პატიმრობა. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.
გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
დაწერეთ კომენტარი