მედიამ გადაიღო, როგორ ესალმება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან შენობის გარეთ შეკრებილ თავის მხარდამჭერებს.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ სააკაშვილმა ციხის გისოსებიდან მაშინ გამოიხედა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენლები მის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ.
აქციის მონაწილეებმა გაიგონეს მისი ხმაც - "ძალიან მაგრები ხართ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.