Accessibility links

site logo site logo

"სწრაფი მოდა" - ტანსაცმელი, რომელიც ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება


ტანსაცმელი ასეთი იაფი ჯერ არასდროს ყოფილა. არც ასეთი დამანგრეველი - ჩვენი პლანეტისთვისაც და ჩვენთვისაც.

“100% პოლიამიდი, 100% პოლიესტერი” - აწერია ჩემს ბრენდულ სტაფილოსფერ საწვიმარს. 2 წლის წინ ვიყიდე, სულ რაღაც 60 ლარად და ძალიან მომწონდა. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ მის გახრწნას ასწლეულები დასჭირდება. არც ის ვიცოდი, რომ ჩემი საწვიმარით გარემოს განუწყვეტლივ დავაბინძურებდი. არამხოლოდ რეცხვისას, არამედ ტარების დროსაც კი.

რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, იაფფასიანი ბრენდის მაღაზიაში შევედი, საშემოდგომო “ლუქის” ასარჩევად. მაისური (20 ლარი), ჟაკეტი (30), შარვალი (40) და ბოტასები (80) - ყველაფერი ერთად ჯამში 170 ლარამდე დამიჯდებოდა.

ტანსაცმელი, რომელიც საქართველოში იყიდება, ძირითადად უცხოურია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ტანსაცმლის იმპორტის ღრებულებამ 384 მილიონი დოლარი შეადგინა. თითქმის 22-ჯერ მეტი, ვიდრე 2003 წელს. იქიდან მოყოლებული, სამოსის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი თურქეთია - 2019 წელს მისი წილი 45% იყო. პირველ ხუთეულში ასევე იყვნენ ჩინეთი, ესპანეთი, გერმანია და იტალია.

და მაინც, როგორ ახერხებენ ბრენდები ტანსაცმლის ასე იაფად გაყიდვას და თანაც ამით გამდიდრდებას? 2020 წელს ე.წ. “სწრაფი მოდის” ბაზრის მთლიანი ღირებულება 25.09 მილიარ დოლარს შეადგენდა, 2021 წლის ბოლოსთვის 30.58 მილიარდს გაუტოლდება, 2025 წელს კი თითქმის 40 მილიარდს მიაღწევს.

უკანასკნელ 10 წელიწადში მსოფლიოში ტანსაცმლის წარმოება თითქმის გაორმაგდა. ამდენი ხელმისაწვდომი ტანსაცმელი დედამიწის მოსახლეობას ჯერ არასდროს ჰქონია. რის ხარჯზე?

ზიანი ადამიანებისთვის

“სწრაფი მოდა” - ასე ეძახიან მოდის ინსდუსტრიაში ფირმებს, რომლებიც სწრაფად აწარმოებენ ტანსაცმელს და სწრაფადვე მიაქვთ ის მომხმარებლამდე. მაგალითად, Zara-ს, H&M-ის, და სხვა ბერნდების მაღაზიებში ყოველ წელს ტანსაცმლის ათეულობით იაფი კოლექცია შედის.

მაგრამ ეტიკეტზე დატანილი დაბალი ფასის მიღმა ხშირად იმალება მძიმე სამუშაო პირობები და არაადამიანური მოპყრობა.“სწრაფი მოდის” ქარხნებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ Human Rights Watch და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

მხოლოდ რამდენიმე მაგალითი:

  • 2013 წელს ბანგლადეშის დედაქალაქ დჰაკაში შენობა ჩამოინგრა, სადაც ხუთი საფეიქრო ფაბრიკა იყო განთავსებული. ამ საწარმოებში Primark-ი და სხვა ბრენდები ტანსაცმელს ევროპული და ამერიკული ბაზრისთვის კერავდნენ. ტრაგედიას ემსხვერპლა 1100-ზე მეტი მუშა. ძირითადად, ქალები და ბავშვები. მათი საშუალო ხელფასი თვეში 50$-ს შეადგენდა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციის Global Labour Justice-ის 2018 წლის ანგარიშში, H&M-ისა და GAP-ის საფიექრო ფაბრიკების 540 თანამშრომელი ადანაშაულებს უფროსებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. ისინი ბანგლადეშიდან, კამბოჯადან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან და შრი-ლანკადან იყვნენ.
  • 2019 წელს ქუთაისში გაიფიცნენ სამკერვალო ფაბრიკა “ქუთექსის” თანამშრომლები. ისინი გაუსაძლის სამუშაო პირობებსა და ხელფასის დაგვიანებას აპროტესტებდნენ. სამკერვალოში საშუალო ხელფასი 350 ლარი იყო. ფაბრიკა ტანსაცმელს თურქული “ვაიკიკისთვის” კერავდა.

“სწრაფი მოდის ბრენდებს თავიანთი ქარხნები ძირითადად აქვთ იქ, სადაც მოქნილია კანონმდებლობა… ზოგან ეს ადამიანები კვირაში მუშაობენ ხუთ დოლარზე. ბავშვებს, ქალებს უწევთ მუშაობა საშინელ პირობებში” - ეუბნება რადიო თავისუფლებას მოდის მკვლევარი ანანო აბდუშელიშვილი.

ზიანი გარემოსთვის

წარმოების სისწრაფე და სიიაფე ასევე სინთეთიკური ბოჭკოების დამსახურებაა.

წყარო: ჰაინრიხ ბიოლის ფონდი
წყარო: ჰაინრიხ ბიოლის ფონდი

“პოლიამიდი “პოლიესტერი”, “ელასტანი” - მათ მისაღებად ნავთობი და ბუნებრივი აირია საჭირო, გახრწნას ათწლეულები, ზოგჯერ კი ასწლეულები სჭირდება. ამ დროს ისინი გამოყოფენ მიკროპლასტმასის ნაწილაკებს, რომელიც აბინძურებს ნიადაგს, ჰაერს, წყალს, წამლავს ცხოველებს, ბოლოს კი ჩვენ თეფშზეც ხვდება.

ამ ტანსაცმლის წარმოებაზე წელიწადში იხარჯება დაახლოებით 1.5 ტრილიონი ლიტრი წყალი და ეს წარმოება ყოველწლიურად ტოვებს 92 მილიონ ტონა ნარჩენს.

“ეს ტანსაცმელი არის დამუშავებული სხვადასხვა ქიმიური გზით. როდესაც ის ირეცხება, შემდეგ წყლები ჩაედინება მდინარეებში, ოკეანეებში, სადაც წყალქვეშა სამყარო ნადგურდება” - ამბობს მოდის მკვლევარი ანანო აბდუშელიშვილი. მისი თქმით, პრობლემურია ისიც, რომ ტანსაცმელს ხშირად მავნე და დაბალხარისხიანი საღებავით ღებავენ.

გარემოსთვის შედარებით უვნებელია ბამბა, მაგრამ მისი წარმოება ბუნებრივ რესურსებს ხრავს. მაგალითად, ბამბის ერთი მაისურის შესაკერად საშუალოდ, საჭიროა 4 ათასი ლიტრი წყალი.

2018 წელს სწრაფი მოდის ინდუსტრია მსოფლიოში გამოყოფილი ნახშიროჟანგის თითქმის 10%-ზე იყო პასუხისმგებელი.

“სწრაფი მოდა [გარემოს] ნომერ მეორე დამაბინძურებელია - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაღაზია “ზერო ეფექტის” თანადამფუძნებელი ანი ჭყოიძე - ტანსაცმლის წარმოების დროს იყენებენ ქიმიკატებს, რომელიც გარემოს და ადამიანებს აზიანებს. ტექსტილის ნარჩენი ხრწნის პროცესში გამოყოფს მეთანს, სხვა მავნე აირებს და ასევე გრუნტის წყლებს ერევა”.

ეს ყველაფერი, მისი თქმით, საბოლოო ჯამში, კლიმატის ცვლილებაზეც აისახება.

გამოსავალი - ტანსაცმლის ჩაბარება

ვითარება რომ შეიცვალოს, აუცილებელია ადამიანებმა იყიდონ ნაკლები ახალი ტანსაცმელი, და არ გადააგდონ ის, რაც აღარ ჭირდებათ, ან აღარ მოსწონთ.

მაღაზია “ზერო ეფექტში” მხოლოდ გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული ნივთები იყიდება. მაგრამ ასევე გამოყოფილია ორი ცალკე კუთხე - ერთგან გამოყენებული ტანსაცმლის ჩაბარება შეიძლება, მეორეგან კი გაყიდვა.

“ის ტანსაცმელი, რაც აღარ მოგვწონს და სეზონიდან სეზონამდე თითქოს მოდიდან გადადის, ჩვენთვის მოსაწყენია, მაგრამ სხვისთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს.” - ამბობს ანი ჭყოიძე.

გარემოსამდცველები და ეთიკური მოდის მხარდამჭერები თანმხდებიან, რომ ტანსაცმლის ჩაბარება, მისი გადადგების ნაცვლად, გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზაა.

თანაც, რა იაფიც არ უნდა იყოს ტანსაცმელი, საქართველოში მისი ყიდვა ყველას არ შეუძლია.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 22% ცხოვრობს. ჯეოსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში სოციალურ დახმარებას 146 ათასი ოჯახი იღებდა. (ეს ყველაზე მაღალი მონაცემია 2013 წლის შემდეგ)

სწორედ მათთვის, უკვე ორი წელია, ტანსაცმელს აგროვებს საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოს კარიტასი.

როგორც მისი წარმომადგენელი დავით მხეიძე გვეუბნება, ამ ხნის განმავლობაში მათ “სიკეთის ყუთებში” ადამიანებმა მიიტანეს თითქმის 9 ტონა ტანსაცმელი. ძირითადად, ქალის და ბავშვების.

“სიკეთის ყუთები” მხოლოდ თბილისში დგას და მათი მისამართები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

თუმცა “სწრაფ მოდაზე” შეკერილი ტანსაცმლის ჩაბარება ყოველთვის არ გამოდის. ანანო აბდუშელიშვილი ამბობს, რომ ეს ტანსაცმელი იხევა, ფერს კარგავს და ყიდვიდან ერთ წელიწადში სწორედაც რომ “გადასაგდებია”.

ამიტომაც, მისი აზრით, ის მეორადი ტანსაცმელი, რომელიც საქართველოში ევროპიდან შემოდის, ხშირად ახალზე გაცილებით ხარისხიანი და მდგრადია.

საქართველოში რა რაოდენობის ტანსაცმელი იყრება და რა ზეგავლენას ახდენს ეს გარემოზე? ანანო აბდუშელიშვილი ამბობს, რომ მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ვარაუდობს - ქვეყანაში შემოსული ტანსაცმლის რაოდენობას, მის ხარისხს, გადამუშავების მწირ მასშტაბებს და ადგილობრივ სამომხმარებლო კულტურას თუ გავითვალისწინებთ, წესით, დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე ასრულებს სიცოცხლეს.

“სრაფი მოდის” ბევრმა ბრენდმა გადამუშავება დაიწყო და ძველ ტანსაცმელს “ახალ სიცოცხლეს” აძლევს. თუმცა გარემოსდამცველები მათ ე.წ. “გრინვოშინგში” ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ეს ზღვაში წვეთია, რადგან მათივე წარმოებული ტანსაცმლის 85% კვლავაც ნაგავსაყრელზე ასრულებს სიცოცხლეს.

საქართველოში ამ მხრივ H&M აქტიურობდა, რომელიც ძველი ტანსაცმლის სანაცვლოდ მომხარებელს ფასდაკლებებს სთავაზობდა. თუმცა როგორც H&M-ის მაღაზიაში გვითხრეს, ტანსაცმლის ჩაბარება პანდემიის დაწყების შემდეგ შეწყვიტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG