Accessibility links

site logo site logo

რა ხდება, თუ "ოცნება" თბილისს კარგავს - უდრის თუ არა ხუთი ექვსს?


ოპოზიციური კანდიდატის ბანერი თბილისში, არჩევნების მეორე ტურის წინ. ოქტომბერი, 2021 წ.

არჩევნების მეორე ტურის წინ, დედაქალაქში კოალიციური მთავრობის შეთავაზებით, ნიკა მელიამ თბილისელებს უთხრა, რომ - 30 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში 5-იანის შემოხაზვით, ისინი ხმას აძლევენ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ - ერთბაშად 6 პარტიის კოალიციურ მმართველობას.

თუკი ენმ-ის ლიდერი და კანდიდატი, ნიკა მელია თბილისის მერი გახდება, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქმე კოალიციური პრინციპით შერჩეულ მოადგილეებთან, მერიის სამსახურის უფროსებსა და გამგებლებთან ერთად გააკეთოს.

მელიას გარშემო შეკრული კოალიციის მიზანია, რომ თანამდებობებზე დანიშნოს 6 სხვადასხვა პარტიის 30-მდე წარმომადგენელი.

  • რა შეიძლება მოხდეს დედაქალაქში ადგილობრივი მმართველობის დონეზე, თუკი თბილისი ნიკა მელიას აირჩევს?
  • რამდენად შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით, რომ მელიამ, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლება კოალიციაში შემავალი კანდიდატებით დააკომპლექტოს?
  • რა შანსი აქვს ოპოზიციის ახალ ინიციატივას?

„კარუსელი“ 3-3 თვით

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების ერთი ნაწილი ოპოზიციის ახალ ინიციატივას „სახლობანას“ თამაშს, უტოპიას უწოდებს, სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერს და კოალიციის წარმომადგენლებს კანონების წაკითხვას ურჩევს.

რას ამბობს კანონი?

„თვითმმართველობის კოდექსის“ მუხლების გაანალიზებით იოლად მისახვედრია, რომ ნიკა მელიას, გამარჯვების შემთხვევაში, საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას რეალური ბარიერები შეხვდება.

  • მერის პირველი მოადგილის, სხვა მოადგილეების, სამსახურის უფროსებისა და გამგებლების კანდიდატურები საკრებულომ უნდა დაამტკიცოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით („არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით“);
  • იმის გამო, რომ თბილისის 50-წევრიან საკრებულოში „ოცნებას“ უმრავლესობა ექნება (ამ ეტაპისთვის მას უკვე აქვს 28 მანდატი და კიდევ ერთი მანდატისთვის მეორე ტურში იბრძოლებს) - თეორიულად ის შეძლებს ოპოზიციონერი მერის მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატურის ჩაგდებას.

თუმცა, ამავე კანონის თანახმად, ნიკა მელიას, შესაძლებლობა ექნება, რომ მორიგეობით, 3-3 თვით მაინც დანიშნოს მისთვის სასურველი კანდიდატები მოვალეობის შემსრულებლებად, ხოლო ყოველ სამ თვეში საკრებულოებს ისევ ახალი კანდიდატები წარუდგინოს.

ასე შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად და თუკი ოპოზიციონერ მერს კანდიდატებს არასოდეს დაუმტკიცებს, „ქართული ოცნების“ საკრებულოს მათი ჩაგდება 4 წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში მოუწევს.

„თუკი მელია მერი გახდება და კანდიდატებს საკრებულო არ დაუმტკიცებს, მას შეუძლია ასე მოვალეობის შემსრულებლებით გაიყვანოს 4 წელი ძალიან მარტივად.

მას შეუძლია ე.წ. საკადრო კარუსელი დაატრიალოს და, მაგალითად, თუ ვიღაც იყო კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგი 3 თვით ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გადანიშნოს...

შესაძლოა, ვიცე-მერი გახდეს ჩვეულებრივი მოადგილე და ასე შემდეგ... კოდექსშია მხოლოდ ერთი დათქმა, რომ - ერთი და იმავე პირის ერთსა და იმავე თანამდებობაზე დანიშვნა (მოვალეობის შემსრულებლად) მერს შეუძლია მხოლოდ ერთხელ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თვითმმართველობის მკვლევარი, მაგდა პოპიაშვილი.

მისი განმარტებით, ასეთი ვითარება ღრმა პოლიტიკურ კრიზისს არ გამოიწვევს, რადგან მოვალეობის შემსრულებლები და საკრებულოს მიერ დამტკიცებულები ტოლფასი უფლებამოსილებით სარგებლობენ და საქმიანობა არ შეფერხდება.

რას შეიძლება შეეწიროს მერი?

პრობლემა გაცილებით სერიოზული იქნება, თუკი საკრებულო ოპოზიციონერი მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს 3 თვის ვადაში არ დაამტკიცებს. ასეთ დროს, საქართველოს მთავრობა „მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას“.

მაგდა პოპიაშვილი კანონზე დაყრდნობით განმარტავს, რომ:

  • ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა თბილისის მუნიციპალიტეტში შემოიღებს პირდაპირ მმართველობას;
  • ასეთ ვითარებაში უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს ეკისრება მთავრობის რწმუნებულის მოვალეობის შესრულება მომდევნო არჩევნებამდე...
  • თუ გეგმურ არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელზე მეტი, მუნიციპალიტეტში საკრებულოსა და მერის ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

„ოცნებას“ სხვა შემთხვევებშიც ეყოფა ძალები და მანდატები, რომ უნდობლობა გამოუცხადოს თბილისის მერს.

მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებშია, მაგალითად - სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, რაც ნიკა მელიას შემთხვევაში, ახლო წარსულის გამოცდილებით, საკმაოდ რელევანტური საკითხია.

მაგდა პოპიაშვილის განმარტებით, ოპოზიციონერი მერის კოალიციურ მთავრობას გაუჭირდება იმ დანაპირების შესრულებაც, რაც სკოლებში მოსწავლეთა კვებას გულისხმობს - რადგან ეს საკითხი არ შედის მერიის კომპეტენციაში და პროგრამის ასამოქმედებლად საჭირო იქნება უფლებამოსილების დელეგირება განათლების სამინისტროს მხრიდან.

„არავინ იცის, რამდენად მოისურვებს განათლების სამინისტრო, რომ მოსწავლეთა კვების საკითხის უფლებამოსილება გადასცეს თბილისის მუნიციპალიტეტს. პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს და დელეგირებას უნდა მოჰყვეს ფულიც, რადგან მერია ადგილობრივი ბიუჯეტით ამ მიზანს ვერ დააფინანსებს“, - გვეუბნება პოპიაშვილი.

ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ოპოზიციონერ მერს ასეთ შესაძლებლობას მისცემს, თუმცა „უარის თქმაც ძალიან რთული იქნება“.

მიზიდულობის ცენტრი

ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის წინაპირობად განიხილავენ.

მათი გათვლით, ამ მიზნის მისაღწევად, არაერთი დიდი ქალაქის მერის პოსტის მოგება იქნება საჭირო. დისკუსიები ამ ჭრილში მოვლენების ორ განვითარებას ეყრდნობა:

  • თუკი ოპოზიცია თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში მოიგებს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც გარდაუვალი გახდება;
  • თბილისსა და სხვა დიდი ქალაქების მოგებით, ოპოზიცია შექმნის ნოყიერ ნიადაგს მომავალ (ვადამდელ ან გეგმურ) საპარლამენტო არჩევნებში მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ხელისუფლების შესაცვლელად.

ოპოზიციისთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დედაქალაქში მოგებაა.

კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ „თუკი ეს მოხდება, თბილისის მერის პოსტის მოგება სერიოზულ კოზირს გააჩენს ოპოზიციური კოალიციის ხელში“.

„ამომრჩევლები თუ ბიზნესწრეები ყოველთვის უყურებენ, ვის ხელშია აღმასრულებელი ხელისუფლება და თუკი ოპოზიციის ხელში იქნება, ეს გარემოებებს ცვლის სამომავლოდაც, უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის...

აი, მაგალითად, საფრანგეთში, პარიზის მერობა ითვლება სამომავლო ტრამპლინად იმისთვის, რომ შემდეგ მერი პრეზიდენტი ან პრემიერი გახდეს... მნიშვნელოვანი იქნება მეორე ტურის შედეგები სხვა მუნიციპალიტეტებშიც“, - გვეუბნება კაკაჩია.

თუკი ოპოზიცია დედაქალაქის მერის პოსტს მოიგებს, ექსპერტები თბილისის მუნიციპალიტეტში, ხმაურის გარდა, ერთგვარი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის გაჩენასაც ვარაუდობენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ სიმძიმის ცენტრმა პარლამენტიდან სწორედ იქ, თბილისის მთავრობასა და საკრებულოში გადაინაცვლოს.

მაგდა პოპიაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ მეორე ტურების შემდეგ გამოჩნდება, „გავიზარდეთ თუ არა“ და ამას, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, თანამშრომლობის ხარისხი გამოაჩენს.

„სამწუხარო გამოცდილება მოგვიტანა წინა არჩევნებმა ბორჯომში, როდესაც საკრებულო იყო ოპოზიციური და იქ ყველაფერი დასრულდა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტით და, საბოლოოდ, გააგდეს კიდეც ის საკრებულოდან“, - ამბობს პოპიაშვილი.

თბილისის საკრებულო პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი იყო 2002 წლიდან, როცა საკრებულოს თავმჯდომარე გახდა ამჟამად საპატიმროში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. 2003 წელს საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა.

ოპოზიციურ კოალიციას ცინიკურად ეხმაურებიან „ქართულ ოცნებაში“.

„არავითარი კოალიციური მთავრობის გეგმა არ ყოფილა წარმოდგენილი, პირველი ტურის წინაც ჩამოთვალეს: მელია, ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ე.წ გირჩი. მანამდეც ამბობდნენ, რომ ექნებოდათ ე.წ. კოალიციური მმართველობა თბილისში. დაამატეს ორნახევარპროცენტიანი „ლელო“, 0%-იანი ბურჯანაძის პრორუსული პარტია და ეს არის მათი ე.წ. კოალიცია. ამაზე არავითარი მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ ღირს“, - განაცხადა 21 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლება არ მალავს, რომ მეორე ტურისთვის „სრული მობილიზაცია“ აქვს გამოცხადებული და მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ არ უნდა დაუშვან ოპოზიციის გამარჯვება თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტში.

„ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში თანაგუნდელებს მომავალი ფართომასშტაბიანი აქციის სავარაუდო გეგმებზეც ელაპარაკებიან და ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 20 ოქტომბერს უთხრა ჟურნალისტებს.

ოპოზიციის მობილიზაცია

დედაქალაქის მერის მოადგილეების 4 კანდიდატიდან, რომლებიც ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში 20 ოქტომბერს წარუდგინა, ორი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია - მამუკა ხაზარაძე და ზურაბ ჯაფარიძე.

საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ამ შემადგენლობაში „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ხილვა; რადგან ეს პარტია მუდმივად დამოუკიდებელ მოქმედებებს არჩევდა, ხოლო ხაზარაძისთვის ადრე აშკარად უინტერესო იყო საკუთარი კანდიდატურის მერის პოსტზე წარდგენაც კი.

ასეთ მობილიზაციას კოალიციაში იმით ხსნიან, რომ ახლა გადამწყვეტი ბრძოლის ეტაპი დგება და, შესაბამისად, გადამწყვეტია ძალების მაქსიმალური გაერთიანებაც. აქვეა მათი იმედიც, რომ ამომრჩევლის მეტ მხარდაჭერას მოიპოვებენ და ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელებს თბილისის რეალურ განვითარებას დაანახვებენ.

როგორ გამოიყურება გამარჯვების შანსი?

2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, ცესკოს დათვლით, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში, ენმ-ის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ამომრჩეველთა ხმების 34.011% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ - 45.006%.

შესაძლებელია თუ არა, რომ ეს 11%-იანი სხვაობა მელიამ კოალიციაში შესული პარტიების ამომრჩეველთა ხარჯზე შეავსოს და მეტის იმედიც ჰქონდეს?

არჩევნების პროპორციულ ნაწილში მიღებული პროცენტების მიხედვით, ენმ-თან (27.962%) ერთად კოალიციურ მთავრობაში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს დედაქალაქში მაღალი მაჩვენებლები არ აქვთ:

არჩევნების პროპორციულ ნაწილში თბილისის შედეგი ასეთია:

  • „ლელო" - 3.627%
  • „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.299%
  • „ელენე ხოშტარია - დროა“ - 2.143%
  • „ევროპული საქართველო“ - 1.164%
  • ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“ - არ ჰქონდა წარდგენილი სია.

ამ მაჩვენებლებით მსჯელობას არამართებულად მიიჩნევენ ექსპერტები.

მათი თქმით, კოალიციის მხარდაჭერა ცალკეული პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობის ჯამით არ გამოითვლება, რადგან, არავინ იცის, რა რეაგირება ექნება ამ გადაწყვეტილებაზე ამა თუ იმ პარტიის ამომრჩეველს.

ამასთან, ექსპერტები არც ამომრჩეველთა ნაწილის განაწყენებასა და დაკარგვას გამორიცხავენ - თუკი კოალიცია ვერ მოახერხებს, მხარდამჭერებს სათანადოდ აუხსნას გაერთიანების მიზნები.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ვარაუდობს, რომ კოალიციამ შესაძლოა, ის ოპოზიციური ამომრჩეველი მიიზიდოს, რომელიც საერთოდ არ მისულა არჩევნების პირველ ტურში.

„კოალიციის იდეა განსაკუთრებით აღაფრთოვანებს ოპოზიციური ტიპის ამომრჩევლებს, რომლებისთვისაც მიუღებელია ვიწროპარტიული ინტერესები, ერთპარტიული მმართველობა და ის ფაქტი, რომ ხელისუფლება სათავისოდ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ვფიქრობ, კოალიციური ერთიანობა ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია“, - ეუბნება კაკაჩია რადიო თავისუფლებას.

  • თბილისში სულ 1 002 900 ამომრჩეველია რეგისტრირებული;
  • არჩევნების პირველ ტურზე მივიდა ამომრჩევლის დაახლოებით ნახევარი (49.1%);
  • თბილისზე დაბალი აქტივობა საქართველოს მასშტაბით იყო მხოლოდ - ქვემო ქართლში (47%).

თვითმმართველობის მეორე ტურში უფრო მეტი ამომრჩევლის გამოყვანა ექსპერტებს, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ზოგადად იოლ ამოცანად არ მიაჩნიათ, რადგან, კანონმდებლობით, თვითმმართველობის არჩევნების დროს ცენტრალური ხელისუფლება ავტომატურად არ იცვლება.

თუმცა ამ ეტაპზე ექსპერტების ნაწილი მსჯელობისას იმ შეცვლილ გარემოებებზე აკეთებს აქცენტს, რაც საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლას, მის დაკავებასა და შიმშილობის გამოცხადებას მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG