Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რწმენის რაინდის" მონატრება


"ვაღიარებ" ("I confess", აშშ, 1953, რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი)

ჰიჩკოკის ეს ყველაზე არაკომერციული პროექტი, რომელსაც თავად ავტორი მიიჩნევდა წარუმატებლობად, დრომ ნელ-ნელა მიუახლოვა დიდი რეჟისორის შედევრებს. ჟან-ლუკ გოდარი არ შეცდა, როცა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში დაწერა, გავა ცოტა ხანი და გადააფასებთ ამ სურათს, რომელშიც კვაზიდოკუმენტურობა და "რელიგიური განყენებულობა" წარმოუდგენლად ჰარმონიულად ერთიანდებაო.

ერთი მხრივ, ჰიჩისთვის ტიპური სიუჟეტი - ადამიანს აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია, ამ რეჟისორის არცთუ მაინცდამაინც ტიპურ ფილმში გათამაშდა. თავად ავტორი აღნიშნავდა, რომ ირონია დააკლდა და "ვაღიარებ" მეტისმეტად "კათოლიკური" გამოუვიდა - ამერიკელ მაყურებელს კი გაუჭირდა გაეგო, როგორ შეიძლება ფილმის დადებითი გმირი კანონზე მაღლა დადგეს და ამით დაიმსახუროს პუბლიკის სიმპათია. არა, ასე არ ხდება. სამართალი ამ საზოგადოებისთვის უმაღლესი ღირებულებაა.

ფილმის გმირმა, პადრე მაიკლ ლოგანმა (მონტგომერი კლიფტი) იცის, ვინაა ნამდვილი მკვლელი, მაგრამ აღსარების საიდუმლო არ აძლევს აღიარების უფლებას. ის არ აღიარებს სიმართლეს, რადგან ემსახურება უფრო მეტს, ვიდრე სიმართლეა... პასუხისმგებლობა, რომელიც მას აქვს ადამიანების და ადამიანების მიერ შექმნილი სამართლის მიმართ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას აქვს ჭეშმარიტების მიმართ. უბრალოდ ეს ჭეშმარიტება (თუ ფასეულობა) მთლად სიტყვით არ გამოითქმის, რადგანაც სიტყვაც, ენაც და სამართალიც ადამიანების მიერაა მოგონილი.

ასე იყრის თავს ფილმში - ხან ერთიანდება, ხანაც ემიჯნება ერთმანეთს, ორი სიმართლე, გამოხატული სწორედ გოდარის მიერ აღწერილი ფორმით, განყენებულად და რეალობის ზუსტი ასახვით. მაყურებელს, რომლის მანიპულირებაში ჰიჩკოკს ალბათ ვერავინ შეედრება, სურს, მღვდელი დაუბრუნოს "თავის სიმართლეს", მაგრამ არ გამოსდის და ეს აღიზიანებს სწორედ. შეიძლება ამიტომაც ჩავარდა სურათი გაქირავებაში - ჰიჩკოკი იქით იყოს, მაყურებელს არ უყვარს, როცა რეჟისორი მის მოლოდინებს არ პასუხობს.

ჰიჩი, არსებითად, იმას ამბობს, რასაც იმეორებს თავის სხვა ფილმებში - ყველამ ბოლომდე უნდა ატაროს თავისი ჯვარი, თუ გნებავთ, მიაგნოს თავის გოლგოთას და ასე შეინარჩუნოს მთავარი - თავისუფლება. ბრბოს სანახაობა უნდა? დაე, მიიღოს მან ეს! ვალის გადახდის დრო მაშინ დგება, როცა საბოლოოდ შეიცნობ საკუთარ თავს. და არა იმდენად ფიქრებში, რამდენადაც ქმედებაში. მხოლოდ ამ დროს შეიძლება გახდე, კირკეგორის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, "რწმენის რაინდი".

ცოდვის და დანაშაულის კვლევა ჰიჩის სტიქიაა. თუმცა კონტრასტების გაერთიანებისა და გაორებული სამყაროს წარმოდგენისთვის, - იმ სამყაროსი, სადაც სიმართლე და ზესიმართლე, იურიდიული კანონი და უმაღლესი სამართალი, პოზიტიური და ბუნებრივი სამართალი ერთმანეთს უპირისპირდება, - ასეთი ძალით, მას იშვიათად მიუღწევია. აქ მნიშვნელოვანია მონტგომერი კლიფტის ოსტატობა - ესაა ერთ-ერთი საუკეთესო როლი კინოს ისტორიაში - როცა სხეული და სიტყვა გაბედულობას, გმირობის შესაძლებლობას და თავისი მისიის (პროფესიის?) მიმართ ერთგულებას გამოხატავს, თვალებში კი დროდადრო საშინელი სევდა და სასოწარკვეთა გამოკრთის. თუმცა ეს კონტრასტი მხოლოდ მსახიობის თამაშში არ წარმოჩინდება. "ვაღიარებ" იდეალური მაგალითია ფორმის და შინაარსის ერთობლიობისა - კონტრასტი ხედვის ქვედა წერტილიდან გადაღებულ კადრებსა და ზევიდან ("ღმერთის თვალით") დანახულ კადრებს შორის აქ ქმნის კონფლიქტს, რომელიც ერთი წუთით არ აძლევს მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას. ასეთ დაპირისპირებაზე თამაში ჰიჩკოკს ადრეც უყვარდა, მაგრამ არასდროს ყოფილა ამ ზომამდე რადიკალური. ფილმში არის ეპიზოდები, დანახული მამა ლოგანის თვალით, ოღონდ ასევე "ზევიდან", როცა მისი ტანჯვა, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოდგენილია როგორც ტანჯვა სამყაროს მშობლისა, რომელიც თითქოს გრძნობს, რომ ადამიანებმა მიატოვეს... არა, ღმერთმა კი არ მიატოვა ადამიანები (როგორც იტყოდნენ ბერგმანის გმირები), ეს ადამიანები გაექცნენ მას, თავიანთი "ფხვიერი", ძნელად დასამუშავებელი, ურჩი, მძიმე რეალობით.

გარკვეული პრეტენზია შეიძლება გაგვიჩნდეს ფილმის დრამატურგიის მიმართ, თუნდაც იმის გამო, რომ მღვდლის სახე არ ვითარდება, თავიდანვე წამებულის როლში იყო და ასე დარჩება ბოლომდე. მაგრამ ეს ჰიჩკოკია! აქ მთავარი ის კი არ არის, რა ემართება გმირს, მთავარია - რა მოგვდის ჩვენ! როგორია მაყურებლის დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. კი, როგორც აღვნიშნე, დგება მომენტი, როცა პუბლიკა ბრაზდება ამ ჯიუტ, შეიძლება ცოტა შერეკილ მოძღვარზე და სჯერა, რომ მისი მოლოდინი გამართლდება, მღვდელი აუცილებლად დაუბრუნდება რეალობას... თუმცა პუბლიკასაც გააჩნია. ჰიჩკოკის საყვარელი მაყურებელი ისაა, ვისაც სიმართლეზე მეტად ზესიმართლის სწამს. გაგახსენებთ, რომ ჰიჩი ერთ-ერთი ყველაზე მორწმუნე ხელოვანია მეოცე საუკუნის კულტურაში.

რატომ გახდა დღეს "ვაღიარებ" ასეთი აქტუალური? რატომ დაასახელა 2012 წელს "გარდიანმა" იგი იმ 10 ფილმს შორის, რომლებიც დაუმსახურებლად მიივიწყეს კინოს მოყვარულებმა? იმიტომ რომ დღეს, შეიძლება ისე, როგორც არასდროს, ე.წ. ობიექტურმა სამართალმა დაკარგა ქმედითუნარიანობა, არაერთხელ გაება მახეში. აგერ ორი წელია სამყარო პანდემიის პირობებში ცხოვრობს და როდესაც სავალდებულო აცრის დაკანონებაზე მსჯელობს, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაურკვევია, სად გადის ზღვარი ადამიანის პირად ცხოვრებას, ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას შორის. ეს იქ, სადაც ადამიანის უფლებებს და კანონს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. აბა, რაღა უნდა ვთქვათ სასამართლოზე, რომელსაც აქ, ჩვენი განსჯის უფლება მივანიჭეთ.

უზნეობა, მანიპულაცია და ზიზღი იმ სასამართლო სისტემისთვისაც დამახასიათებელია, რომელმაც სიკვდილით უნდა დასაჯოს ჯიუტი მღვდელი. პროკურორი აქ ბინძურ თამაშს ეწევა, რათა კაცი, რომელმაც ფაქტობრივად თავის თავზე აიღო მკვლელის როლი, სახრჩობელაზე გაუშვას. მაგრამ კიდევ უფრო შემაშინებელი საზოგადოებაა, რომლისთვისაც კითხვა და ეჭვი არ არსებობს, რადგან დარწმუნებულია, რომ ზუსტად იცის - მამა ლოგანი დამნაშავეა. ცხადია, ჰიჩკოკის კათოლიკური აღზრდა ნათლად გამოხატავს მის პოზიციას - აღსარების საიდუმლო მღვდლის მორალური საყრდენია, მისი კონსტიტუციაა, და სამართალი, თუკი ის მართლა ჰუმანური სამართალია, უნდა ითვალისწინებდეს ამას. მაგრამ მთავარი აქ მაინც ხელოვნების და კანონის შეჯახებაა. დიახაც, ხელოვნება, შემოქმედება შეიძლება იდგეს კანონზე მაღლა, იდგეს იმის გვერდით, ვინც მარტოა, ანდა უმცირესობაშია, დიახაც, შემოქმედი იმ ხალხის გვერდით არ უნდა იყოს, ვინც მაშინაც კი, როცა იცის, რაოდენ არასრულყოფილია მისი ქვეყნის სასამართლო, იცის, რამდენი დანაშაული ჩაიდინეს უკვე იმ მოსამართლეებმა, ადამიანების ბედი რომ უნდა გადაწყვიტონ, მაინც თუთიყუშივით იმეორებს ამავე სისტემის მიერ დამკვიდრებულ სიტყვებს: "ჯალათი", "სისხლიანი მანიაკი", "სადისტი", "მწამებელი", "მკვლელი"...

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG