საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებს სტუმრობს, ოპოზიციონერ კანდიდატებს აკრიტიკებს, მმართველი პარტიის სასარგებლოდ კი ამბობს, რომ მას ამბიციური გეგმები აქვს.
"მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის, არც ანზორ მელიასთვის. მათ ვერ დაველოდებით ამ საქმის გასაკეთებლად", - თქვა ღარიბაშვილმა.
გუშინ, 22 ოქტომბერს სენაკში ყოფნის დროს მან "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის გაკრიტიკებისას თქვა, რომ მას სახლიც კი არ აქვს სენაკში.
"სენაკში როგორი სიტუაცია გვაქვს - ერთ მხარეს არის ჩვენი ღირსეული, ახალგაზრდა კანდიდატი, პერსპექტიული, განათლებული კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია სენაკისთვის და არავითარი კონტაქტი არ ჰქონია სენაკთან. მე მინდა ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო - რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას, რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ?!" - თქვა ღარიბაშვილმა სენაკში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივ დონეზე ოპოზიციონერი კანდიდატის არჩევას "პერსპექტივა არ აქვს", რადგან "ცენტრალური მთავრობის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს".
"ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს, უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დასჯა გამოდის..." - თქვა ღარიბაშვილმა.
ამ კომენტარის გაკრიტიკების გამო, რადგან ეს ოპოზიციამ აღიქვა საფრთხის შემცველად, ღარიბაშვილმა დღეს განმარტებები გააკეთა.
"გუშინ მე სიმართლე ვთქვი და ასეც არის, თითოეულ მუნიციპალიტეტში, რეგიონში, მხარეში, უამრავი ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელია, მერს, გინდა - არ გინდა, უწევს კოორდინაცია", - თქვა ღარიბაშვილმა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. 20 ქალაქში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველ ქალაქში ხელისუფლების მერობის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.
დაწერეთ კომენტარი