Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სამაშველო საქმეში ჩართული მაშველები დააჯილდოვეს


8 ოქტომბერს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სამაშველო საქმიანობაში ჩართული მეხანძრე-მაშველები "მამაცობისთვის" მედლებით დააჯილდოვეს. ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორცილებული სამაშველო ოპერაციისთვის ჯილდო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს მაღალჩინოსნებმა მეხანძრე-მაშველებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, 10 მეხანძრე-მაშველს კი უწყებრივი მედალი გადაეცა.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნგრევის ხმა გაისმა და მრავალსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო სრულად ჩამოიშალა. სამძებრო-სამაშველო საქმიანობა თითქმის 24 საათი გაგრძელდა. ჩამონგრეულ კორპუსში 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 - არასრულწლოვანი. მაშველებმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ამ საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. ბრალდების მიხედვით, ისინი მონაწილეობდნენ იმ ტიპის სარემონტო სამუშაოებში, რომელიც გახდა კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი.

ბრალდების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა #13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG