Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ათ ელჩს აძევებს დაპატიმრებული ბიზნესმენის მხარდაჭერის გამო


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გასცა 10 ელჩის, მათ შორის აშშ-ის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩების გაძევების ბრძანება - ელჩების, რომლებმაც მანამდე გაავრცელეს განცხადება 2017 წელს დაპატიმრებული და მას შემდეგ ბრალის დამტკიცების გარეშე პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის გათავისუფლების მოწოდებით.

ერდოანმა 23 ოქტომბერს ელჩების განცხადებას "თავხედობა" უწოდა და გასცა ბრძანება ელჩებს პერსონა ნონ გრატას სტატუსი შეეფარდოს.

განცხადება, რომელსაც ასევე ხელს აწერენ ჰოლანდიის, კანადის, დანიის, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის და ახალი ზელანდიის ელჩები, შეიცავს მოწოდებას გადაიჭრას ფილანთროპ ოსმან კავალას საქმე.

64 წლის კავალას 2020 წელს მოუხსნეს ბრალდება, რომ ის ორგანიზებას უწევდა 2013 წლის ანტისამთავრობო გამოსვლებს. თუმცა შემდეგ ეს გამამართლებელი განაჩენი გააუქმეს და საქმეს დაუმატეს ახალი ბრალდება, ერდოანის წინააღმდეგ 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან კავშირით.

ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში კავალას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქმეს გმობენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო 2019 წელს გამოვიდა კავალას გათავისუფლების მოწოდებით და განაცხადა, რომ არ არსებობს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულება.

კავალას გათავისუფლების მოწოდებით ევროსაბჭოც გამოდის.

XS
SM
MD
LG