Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უნგრელებს ულოცავს 1956 წლის ამბოხების 65-ე წლისთავს


ბუდაპეშტი ამბოხების დღეებში
ბუდაპეშტი ამბოხების დღეებში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათს გაავრცელა განცხადება უნგრეთის ანტიკუმუნისტური ამბოხების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით.

1956 წელს უნგრეთში კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხება მოხდა, რომელიც საბჭოთა არმიის ძალებმა ჩაახშეს. ოფიციალური მონაცემებით, აჯანყების და საომარი მოქმედებების დროს, 1956 წლის ოქტომბრის ბოლოდან 31 დეკემბრამდე დაიღუპა 2652 უნგრელი მეამბოხე, 348 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი, დაიჭრა 19 226 ადამიანი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ:

"უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 65-ე წლისთავზე ვიხსენებთ გაბედულ კაცებსა და ქალებს, რომლებიც ბუდაპეშტის ქუჩებში და ქვეყნის მასშტაბით იბრძოდნენ თავიანთი თავისუფლების დასაცავად. თავისუფლებისადმი მათ სწრაფვას ხორცი შეესხა 1989 წელს, როცა უნგრეთმა დემოკრატია დაამკვიდრა. ამ მძიმე იუბილეს აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორთან და ნატოელ მოკავშირესთან ერთად.

ვაღიარებთ იმ უნგრელთა წვლილს, რომლებმაც სამშობლო რევოლუციის შემდეგ დატოვეს, ახალი ცხოვრების ამერიკაში დასაწყებად, და ამ პროცესში ჩვენი ქვეყანა გაამდიდრეს. ამ უნგრელმა-ამერიკელებმა, ისევე, როგორც ბევრმა სხვამ მანამდე და მას შემდეგ, გააძლიერეს კავშირები ჩვენს ორ ერს შორის.

წელს, როცა აღვნიშნავთ უნგრეთსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური კავშირების დამყარების მეასე წლისთავს, 1956 წლის რევოლუციის მსგავსი მომენტები წარმოჩინდება, როგორც მკაფიო და გავლენიანი. 1956 წლის რევოლუციონერები კვლავ შთააგონებენ მათ, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG