Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძემ ქუთაისში კოალიციური გუნდი და პროგრამა წარადგინა


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებულმა მერობის კანდიდატმა ქუთაისში ხატია დეკანოიძემ კოალიციური გუნდი და პროგრამა წარადგინა. დეკანოიძე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან იქნებიან.

ქუთაისში ვიცე-მერობის კანდიდატები არიან:

  • ანა ნაცვლიშვილი (პარლამენტის მოქმედი წევრი) - "ლელო";
  • იმედა კლდიაშვილი - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
  • რევაზ ჩომახაძე (სპორტსმენი);
  • თემურ ცამციშვილი - "გირჩი - მეტი თავისუფლება".

დეკანოიძემ ქუთაისში რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი გამოყო. ესენია: ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება, სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვება, არჩეულ შერიფს და ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენით დანიშვნა.

პროგრამის მიხედვით, ბიზნესი გათავისუფლდება ქონების გადასახადის და მიწის მოსაკრებლისგან, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ გაშენდება და მოეწყობა მწვანე სივრცე, ქალაქის მასშტაბით გაშენდება 50 სკვერი, 30 სპორტული მოედანი და 5 საბავშვო ბაღი.

"ქუთაისი არის ევროპული, გამორჩეული ქალაქი, რეგიონის კულტურული ცენტრი და არა კრიმინალური სუბკულტურის, როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს. კოალიციურ გუნდს კი ალტერნატივა არ აქვს. ქუთაისი იმსახურებს განსაკუთრებულ მიდგომას, მე ვიქნები მერი, რომელიც იქნება სიტყვა, საქმე და ხმა თითოეული ქუთაისელის", – განაცხადა პროგრამის წარდგენისას ხატია დეკანოიძემ.

კოალიციური გუნდის და პროგრამის წარდგენისას ხატია დეკანოიძეს და ვიცე–მერობის კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადეს "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა – ზურა გირჩი ჯაფარიძემ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და ტენორმა პაატა ბურჭულაძემ.

ქუთაისში ისევე, როგორც საქართველოს 19 ქალაქში, მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. პირველ ტურში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ხმების 43,34% მიიღო, მისმა კონკურენტმა "ქართული ოცნებიდან", მოქმედმა მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა კი 41,45%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG