Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: მარათონის ფარგლებში 1 401 ადამიანი ავცერით


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარე ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ჩატარდა 1 401 აცრა. ვაქცინაციის მარათონი რეგიონებში 18 ოქტომბერს დაიწყო და მის ფარგლებში თვის ბოლომდე დაავადების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მედპერსონალთან ერთად 50-მდე სოფელში ჩავლენ მოსახლეობის ინფორმირებისთვის ვაქცინაციის შესახებ. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღიარებს იმასაც, რომ საინფორმაციო კამპანია არასაკმარისი იყო აცრების შესახებ, თუმცა კვლავ თვლის, რომ სახელმწიფო საკმარისი ვაქცინის ქვეყანაში შემოტანამდე სრულმასშტაბიან საკომუნიკაციო კამპანიას ვერ დაიწყებდა.

ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის ტემპი საქართველოში კვლავ დაბალია და დღეში 5 000 აცრაც კი ვერ კეთდება. არსებული სტატისტიკის მიხედვით, აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში, ყველაზე დაბალი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

"თუ არ გავზრდით იმუნიზაციის მაჩვენებელს, ასეთი ორთვიანი ციკლები სულ გვექნება ვირუსის და ეს იქნება სამწუხაროდ ზიანის მომტანი" - თქვა ამირან გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. გამყრელიძე არის გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის არ დაუშვებს აცრა იყოს სავალდებულო.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე შედგენილი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით საქართველოში კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი უნდა იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60%. დღეს ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ გეგმის შესრულება შესაძლებელია, თუკი ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 17-20 ათასი ვაქცინა გაკეთდება.

ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინა სრული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტების შესახებ, რაც გულისხმობს გარკვეული შეზღდუვების დაწესებას აუცრელებისთვის და მეტ თავისუფლებას ანიჭებს ვაქცინირებულ მოქალაქეებს. გამყრელიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა 33%-საც ვერ აღწევს, ერთი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36%. მზარდია ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების მაჩვენებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG