Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მოუწოდებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ


პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მოუწოდებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და მოითხოვონ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენება.

ანა დოლიძის განცხადებით, მისი პარტიის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ გასამართლდეს სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით:

„მაგრამ იმასაც ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ და ირაკლი ღარიბაშვილს არა აქვს გააზრებული, რასთან აქვს საქმე და საერთოდ, არ ვანდობ მე მათ აი, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის სიტუაცია შექმნილი დღეს - სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი პირობები და საერთოდ, მისი სიცოცხლე“.

ანა დოლიძის თქმით, სამწუხაროდ, ისევ არსებული ორი პოლუსიდან - „ქართული ოცნებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ სიმართლე არ იციან, რადგან „ერთი პოლუსი გაიძახის, რომ პრობლემა არ არის, იყოს ციხის საავადმყოფოში, მეორე პოლუსი გაიძახის, რომ ის უნდა გათავისუფლდეს“.

ამიტომ, „ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, მისი პარტია, როგორც გონივრული ალტერნატივა, მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილის ადვოკატებს, მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს მისი რეგლამენტის 39-ე მუხლით დადგენილი დროებითი ღონისძიებისთვის და სასამართლო დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში.

ანა დოლიძის შეფასებით, ეს იქნება საკითხის სწრაფად, სამართლიანად და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის გზა და არცერთ მხარეს არ ექნება ამ თემით მანიპულირების შესაძლებლობა.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ადვოკატები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს. მისი ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ კონსილიუმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რასაც უარყოფს მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი განცხადებით, კონსილიუმის დასკვნაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას ეხება, საუბარია მულტიპროფილიან კლინიკაზე, რაც ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.

კონსილიუმის ყოფილი წევრის, კარდიოლოგ ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, კონსილიუმი შეთანხმებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილიან, მაღალი კვალიფიკაციის, ე.წ. C კატეგორიის დაწესებულებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG