Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს - თეატრის ხელმძღვანელი ამას უარყოფს. ადასტურებს, რომ თავად არ შეხვდა


პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს, ინფორმაცია ამის შესახებ, თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ გაავრცელა. შუშანიას განმარტებით, საოპერო მომღერალი თეატრის დასათვალიერებლად იყო მისული.

"დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული). ეს იგივეა, მესი რომ ჩამოსულიყო "ტორპედოს" სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ. გუშინ რუსთავის ციხესთან ქუთაისის მერის მხარდამჭერების სამარცხვინო აქციის შემდეგ, თუ ახალ რეკორდებს მოხსნიდნენ, მეც ვერ წარმომედგინა", - წერს შუშანია ფეისბუკის გვერდზე.

მომხდარის შესახებ ფეისბუკპოსტი გაავრცელა თავად საოპერო მომღერალმა, სადაც წერს, რომ თეატრში მუსიკოსებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელებთან შესახვედრად და ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატ ხატია დეკანოიძისთვის მათი პრობლემების გასაცნობად მივიდა, თუმცა თეატრში მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა.

ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხდართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

საპასუხო განცხადება მედიასთან გააკეთა ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ და განმარტა, რომ პაატა ბურჭულაძეს პირადად არ შეხვდა, რადგან მისთვის მიუღებელია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომღერალი მხარს უჭერს. ირინე ლომინაძის განცხადებითვე, მისთან თეატრის დასთან შეხვედრა არავის უთხოვია და შეუთანხმებია:

"დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. არ უთქვამთ, შემოშვება. რა უფლებით არ შემოვუშვებდი? სირცხვილია, პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში. მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს, უდიდესი პატივისცემა ჩემი და ბედნიერი ვიქნები, თუ როდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდები-თქო. ეს არის ჩემი უფლება, მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომლის პარტიის გვერდით დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას რომ ეთქვა, სურდა დასთან შეხვედრა და მე ამის უფლება მქონდა, დამეშალა? მე მუსიკოსი ვარ და ვიცი პაატა ბურჭულაძის წონა, ვიცი, ვინ არის. თუ შეხვედრა უნდოდათ, რატომ არ გამაფრთხილეს წინა დღით? 6 წელია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ, ხშირად ყოფილა პაატა ბურჭულაძე ჩამოსული და არ შემოუხედია ჩემს თეატრში, ბატონი პაატა მოსული იყო პოლიტიკური მოტივით”, – განაცხადა ლომინაძემ.

პაატა ბურჭულაძე ქუთაისში ოპოზიციის მხარდასაჭერად იმყოფება. საოპერო მომღერალი 25 ოქტომბერს ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის მიერ კოალიციური კაბინეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.

XS
SM
MD
LG