Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტუღუში: გაუგებარია ასეთი არაჰუმანური დამოკიდებულება სააკაშვილის, როგორც პატიმრის მიმართ


ლაშა ტუღუში, "ლიბერალური აკადემია - თბილისის" დირექტორი
ლაშა ტუღუში, "ლიბერალური აკადემია - თბილისის" დირექტორი

"ლიბერალური აკადემია - თბილისის" დირექტორმა ლაშა ტუღუშმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასა და მისი განმუხტვის შესაძლო ფაქტორებზე საუბრისას თქვა, რომ პირველ რიგში აუცილებელია, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ნორმალური მკურნალობის საშუალება მიეცეს. ლაშა ტუღუშმა გადაცემაში აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ეუბნებიან მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს.

„შემიძლია რაღაცეები ვივარაუდო, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის ასეთი ხისტი და არაჰუმანური დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ ამ შემთხვევაში. ეს ერთი. მეორე, უნდა გასწორდეს და გაიხსნას შესაძლებლობები, მათ შორის, იურიდიული დახმარებისთვის თუ მომსახურეობისთვის... ანუ ადვოკატებისთვის ფანჯარა დაიკეტა და ისინი აპროტესტებენ. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე უკრაინელი ადვოკატი არ შემოუშვეს, რაც ვიტყვი, რომ ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა „საღამოს საუბრებში“. გადაცემაში მან კომენტარი გააკეთა ასევე ჟურნალისტ დმიტრი გორდონის ქვეყანაში არშემოშვების ფაქტზეც და აღნიშნა, რომ ეს იქნება ძალიან დიდი სამარცხვინო ლაქა ხელისუფლებისთვის, რომელიც მთელ ქვეყანას დააზიანებს.

„რაც შეეხება დანარჩენს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საყოველთაო შერიგებაზე და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მოგვიწიოს ძალიან ბევრი რთული ნაბიჯის გადადგმა“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა, რომელმაც თქვა, რომ კომპლექსურ გამოსავალში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობასაც გულისხმობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველი კი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ამ საკითხზე, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებაზე დაყრდნობით, პრაქტიკულად იგივე მოსაზრება გამოთქვა უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში 27 ოქტომბერს მოინახულა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2018 წელს საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG