Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰაყანის, წაშლილი სახე ფოტოებზე - რას მალავს თალიბანი


19 ოქტომბერს, მინისტრად წარდგენის შემდეგ, ის პირველად გამოჩნდა საჯაროდ, თვითმკვლელთა ოჯახების წევრებთან შეხვედრაზე.
19 ოქტომბერს, მინისტრად წარდგენის შემდეგ, ის პირველად გამოჩნდა საჯაროდ, თვითმკვლელთა ოჯახების წევრებთან შეხვედრაზე.

ავღანეთში, ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბანი ცდილობს აჩვენოს, თითქოს გამჭვირვალობის მომხრეა, მაგრამ მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის, სირაჯუდინ ჰაყანის გამოსახულების, მისი სახის, მისი ფოტოების დამალვა, საპირისპიროზე მეტყველებს.

სირაჯუდინ ჰაყანის ფოტოების გაბუნდოვანება, ისე, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი ხდება, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის თალიბანმა შინაგან საქმეთა მინისტრად დაასახელა. ვარაუდობენ, რომ სამხედრო დაჯგუფება შესაძლოა მის დაცვას ცდილობდეს თავდასხმებისგან, ან შესაძლოა ჰაყანის ღვთაებრივ ისლამურ მოღვაწედ წარმოჩენა სურს.

თალიბანს აკრიტიკებენ ზოგიერთი ავადსახსენებელი, საეჭვო პირის მოქმედ მთავრობაში შეყვანის გამო. ყველაზე მეტად ეს ალბათ ტერორისტად ცნობილ სირაჯუდინ ჰაყანის ეხება, რომლის სახესაც ბოლოს გადაღებულ ფოტოზე მცენარე ფარავს.

19 ოქტომბერს, მინისტრად წარდგენის შემდეგ პირველი საჯარო გამოჩენისას, ჰაყანიმ შეაქო თვითმკვლელი ამფეთქებლების თავგანწირვა და ფულს და მიწას შეჰპირდა მათი ოჯახის გადარჩენილ წევრებს, რომლებიც სივიწროვეში ცხოვრობენ.

ღონისძიების ამსახველ ოფიციალურ ფოტოზე ქაბულის სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“, რომელიც თალიბანის სასიკვდილო შეტევების სამიზნე იყო 2011 და 2018 წლებში, ჰაყანი თითქმის არ ჩანს, სცენაზე სტრატეგიულად განთავსებული ყვავილების დეკორაციის უკან.

ჰაყანის სახის დაფარვის აშკარა მცდელობის მიუხედავად, კარგად დაკვირვებისას ჩანს მისი ყველაზე უფრო გამოკვეთილი გამოსახულება, რაც კი ბოლო წლებში გავრცელებულა.

სხვა ფოტოებზე, სადაც მკაფიოდ ჩანს თალიბანის სხვა წევრები და დაჯგუფების საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებიც, ცოტა ხნის წინ მითვისებული ამერიკული სამხედრო იარაღით, ჰაყანის სახე წაშლილია.

ფოტოებზე დაინახავთ ჰაყანის ჩალისფერი პერანგის ყველა ნაკეცს, ყავისფერ ჟილეტსა და შავ ჩალმას. მაგრამ მისი ხელების, ყურის მცირე ნაწილის და მისი დამახასიათებელი მუქი ფერის წვერის მცირე ნაწილის გარდა, ჰაყანის სახე ან კვლავ გაბუნდოვანებულია, ან ოსტატურად დამალულია შეხვედრის მონაწილეთა მეგობრული ჩახუტებების მიღმა.


10 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველი შეხვედრისას, ჰაყანის თავის მხოლოდ უკანა მხარე ჩანს, როცა ის თავის ახალ თანამშრომლებს მიმართავს იმავე ტანსაცმელში გამოწყობილი.

გაბუნდოვანებულმა ფოტოებმა ბუნდოვანი გახადა თალიბანის მცდელობაც, თავი წარმოედგინა საკუთარი თავის უფრო ზომიერ და უფრო გამჭვირვალე ვერსიად, იმასთან შედარებით, როგორიც იყო ძალაუფლებაში ყოფნისას 1996-დან 2001-წლამდე, სანამ აშშ-ის მეთაურობით საერთაშორისო ჯარები ავღანეთში შევიდოდნენ.

ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ, საერთაშორისო კოალიციის ჯარების გაყვანის ფონზე, თალიბანმა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების კამპანია წამოიწყო. ცდილობდა დაერწმუნებინა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ ის ავღანეთის კანონიერი მმართველია.

თალიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ჰაყანის ქსელის დამფუძნებლის, გარდაცვლილი ჯალალუდინ ჰაყანის ვაჟია - აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს, FBI-ს, ყველაზე მეტად ძებნილ პირთა სიაში ჰყავს.

ჰაყანის ქსელი ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2012 წელს გამოაცხადა.

ქსელს, რომელიც თალიბანის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ დაჯგუფებას წარმოადგენს, ბრალად ედება რამდენიმე, განსაკუთრებულად სისხლიანი თავდასხმა უცხოეთის ჯარებსა და მშვიდობიან ავღანელებზე.

ჰაყანი იძებნება ქაბულის Serena Hotel-ზე თავდასხმის საქმის გამო დასაკითხად. სასტუმროს, სადაც ადრე ხშირად იკრიბებოდნენ უცხოელი დიპლომატები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები - თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს 2008 წლის იანვარში. ამ თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაშავდა.

ის ასევე იძებნება 2008 წლის აპრილში, ავღანეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის, მკვლელობის ჩაშლილ მცდელობაში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო. სამი ადამიანი - მათ შორის, ერთ-ერთი ტომის მეთაური, ავღანელი კანონმდებელი და 10 წლის გოგონა - დაიღუპა კარგად კოორდინირებული თავდასხმისას ეროვნული დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, რომელსაც უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.

თავდასხმა ღონისძიებისას, რომელიც ეძღვნებოდა საბჭოთა ოკუპაციაზე მოჯაჰედების გამარჯვებას 1980-იან წლებში, აღქმულ იქნა, როგორც ეროვნული სირცხვილი იმ დროს, როცა ავღანეთის მთავრობას უცხოეთის ჯარებისგან ქაბულის დაცვის პასუხისმგებლობა უნდა გადასცემოდა.

ჰაყანის მონაწილეობის გამო ამ, ისევე როგორც უცხოეთში მოწყობილ თავდასხმებში აშშ-სა და კოალიციურ ძალებზე ავღანეთში, აშშ-მა 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ჰაყანის დაჭერისთვის და ეს პირობა კვლავ ძალაშია.

გამოძიების ფედერალური ბიურო - FBI - კვლავ ავრცელებს ჰაყანის ძველ, უხარისხო ფოტოს.

ტვიტერზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ჰაყანის გარეგნობას იმ მიზნით მალავენ, რომ დაიცვან ის ჯილდოს მოპოვების მსურველებისგან.

რადიო თავისუფლებას ქაბულში არაერთმა წყარომ განუცხადა, რომ ჰაყანი ხშირად იცვლის ადგილმდებარეობას და მისი გადაადგილება გასაიდუმლოებულია იმის შიშით, რომ ვაშინგტონი მას სამიზნეში ამოიღებს დრონის გამოყენებით.

ასევე ტვიტერზე, სხვები თვლიან, რომ თალიბანი ცდილობს ჰაყანი ღვთაებრივ ლიდერად წარმოსახოს და ფოტოები გაბუნდოვანებულია დაჯგუფების ადრინდელი პოზიციის შესაბამისად, რომ ისლამური კანონის მკაცრი გაგების თანახმად, ფოტოგამოსახულება აკრძალულია.

თორექ ფარჰადიმ, ავღანეთის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა და ავღანეთში არსებული ვითარების ცნობილმა მიმომხილველმა, თავის კომენტარში რადიო თავისუფლებას თალიბანის ამგვარი ქმედების რამდენიმე მიზეზი დაუსახელა: „რელიგიური მიზეზი ის არის, რომ რეჟიმი, ადრე, ფოტოგრაფიის წინააღმდეგი იყო“, თქვა მან და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თალიბანის დამფუძნებლის, მულა მოჰამად ომარისგან მოდიოდა. მისი თქმით, „მეორე პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთ მათგანს არ სურს იყოს „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებების სამიზნე“.

ფარჰადი იმასაც ამატებს, რომ „ჰაყანის პრობლემა შეერთებულ შტატებთან არ მოგვარებულა და მისი თავისთვის კვლავაც დაწესებულია რამდენიმე მილიონი დოლარის ჯილდო“.

ასრა ნორმანიმ, Pearl Project-ის თანადამფუძნებელმა - რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის, დანიელ პერლისთვის 2002 წელს პაკისტანში თავის მოკვეთის საქმეს იძიებდა - პირდაპირ იკითხა, რატომ იყო ჰაყანის სურათი გაბუნდოვანებული. „სირაჯუდინ ჰაყანი ლაჩარია“, განუცხადა მან რადიო თავისუფლებას წერილობით კომენტარებში.

ჰაყანი არ არის თალიბანის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ჩრდილში იმყოფება. შეიარაღებული დაჯგუფების ახლახან დასახელებული უმაღლესი ლიდერი, მოლა ჰაიბათულა ახუნდზადა, მხოლოდ პლაკატებზე ჩანს, მას მიეწერება სამთავრობო გადაწყვეტილებები იმის ფონზე, რომ ზოგიერთი ცნობის თანახმად, ის ერთი წლის წინ გარდაიცვალა.

საიდუმლოებითაა მოცული მოლა იაყუბ ომარის, მულა ომარის 30 წელს გადაცილებული წლის ვაჟის ადგილსამყოფელი. ის თალიბანის თავდაცვის მინისტრად იქნა დასახელებული.

ჰაყანის გამოჩენას და მის მიერ თვითმკვლელი ამფეთქებლების „ისლამისა და ქვეყნის გმირებად“ წარმოსახვას „მოწამეთათვის“ პატივის მისაგები საჯარო ღონისძიების დროს, 19 ოქტომბერს, სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ - სადაც 2018 წელს თალიბანის მებრძოლებმა 42 ადამიანი მოკლეს,

რამდენად გაბუნდოვანებულიც უნდა ყოფილიყო, მძაფრი რეაქცია მოჰყვა იმ ავღანელებს შორის, რომლებიც თვითმკვლელების თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ. „ათასობით ახალგაზრდა ადამიანი და ოჯახი დაიღუპა“, უთხრა რადიო თავისუფლებას იბრაჰიმმა, რომლის ძმა, ხაჯე ისა, თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჰერათის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში 2009 წელს. „ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები შეეწირნენ“ თავდასხმას, ამბობს ის და განაგრძობს: „ვხედავთ, რომ მათ, ვინც თავი აიფეთქა, დღეს მოწამეობის სახელით მიაგებენ პატივს“, თქვა იბრაჰიმმა, რომლის სრულ სახელს არ ვამხელთ მის წინააღმდეგ შესაძლო შურისძიების საშიშროების გამო.

„სამწუხაროდ, ეს შორს არის ადამიანურობისა და რელიგიისგან... ვერანაირი გაგება ვერ მიიღებს, რომ თვითმკვლელობა ისლამური კანონის ნაწილია“.

რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის - "აზადის" - კორესპონდენტების ვინაობას არ ვამხელთ მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG