Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა ლუკაშენკას ოჯახი დაადანაშაულა ადამიანებით ვაჭრობაში


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბელარუსის მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკას ოჯახი დაადანაშაულა ადამიანებით ორგანიზებულ ვაჭრობაში. როგორც ფრანგული გამოცემა CNEWS-ი წერს, ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა სენატში, საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, რომ ლუკაშენკას ოჯახის მიერ ორგანიზებულია ტრეფიკინგი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროკავშირში, კომერციული ავიარეისების და წინასწარ განსაზღვრული მარშრუტების გამოყენებით.

გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, კლემან ბონს კონკრეტული სახელები არ უთქვამს. ფრანგი დიპლომატის განცხადებით, ბელარუსის მიზანია ევროკავშირი ხაფანგში გააბას და განხეთქილება გამოიწვიოს, რასაც მტკიცედ მოქმედება სჭირდება.

2021 წლის მაისში, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი აღარ შეაჩერებს ქვეყნის ტერიტორიის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიგრანტების გადაადგილებას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ლიეტუვისა და პოლონეთისკენ არალეგალურად მიმავალი მიგრანტების რაოდენობა. ევროკავშირმა ლუკაშენკას რეჟიმი დაადანაშაულა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პასუხად მიგრაციული კრიზისის პროვოცირებასა და ჰიბრიდულ შეტევაში.

ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ბელარუსის რეჟიმს ქვეყანაში თვითმფრინავებით ჩაჰყავს მიგრანტები ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან და მათ გზას უხსნის მეზობელი ლიეტუვისა და პოლონეთისკენ. ევროკავშირმა ლუკაშენკას რეჟიმს სანქციები დაუწესა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის დევნისა და ადამიანის უფლებების მასობრივად შელახვის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG