Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი გრიგოლი: სააკაშვილის ბედი უკავშირდება ამ სახელმწიფოს განვითარების ბედს


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ არის "ჩვეულებრივი" პატიმარი და ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოხმაურებებიც.

"ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ამ პატიმრის ბედი, გარკვეულწილად, უკავშირდება სახელმწიფოსი და ჩვენი სამშობლოს განვითარების ბედს. თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ ისეთი ზღვარი გავავლოთ პირადულ წყენასა და ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას", - თქვა მიტროპოლიტმა გრიგოლმა სააკაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მიტროპოლიტი კიდევ ორ თემას შეეხეო. მან თქვა, რომ ახლა საყოველთაო შერიგება შეუძლებელია, რადგან ქვეყანაში ღირებულებათა შეუთანხმებლობაა და ჟურნალისტების კითხვაზე რამდენად ქრისტიანული იყო შიმშილობის დაწყება შეაფასა სააკაშვილის პროტესტის ფორმაც.

"არის შემთხვევები, როდესაც არათუ შიმშილობა, თვითმკვლელობაც კი ადამიანს პირიქით [ცოდვად არ] ეთვლება - პოლიტიკოსებთან მიმართებაში ჩვენ ვერ განვსჯით ამ თემას იმიტომ, რომ პოლიტიკოსისთვის ეს არის ინსტრუმენტი. მე მასაც ვუთხარი", - თქვა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

შიმშილობის გამო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება. მისი ადვოკატები და ექიმები მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ პატიმრის მკურნალობა მხოლოდ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაშია შესაძლებელი. მთავრობა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხის კლინიკაში გადაიყვანენ.

"[ნაციონალური მოძრაობის] გეგმა არის, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზაციას შეძლებენ [საავადმყოფოსთან] და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი და ჯაჯგური", - თქვა გუშინ სატელევიზიო ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG