Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ მარიკაშვილი: სააკაშვილი მოკლებულია სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას, რაც უკავშირდება სიცოცხლის უფლებასაც


ედუარდ მარიკაშვილი, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის თავმჯდომარე
ედუარდ მარიკაშვილი, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის თავმჯდომარე

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოკლებულია სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას, ეს კი, თავის მხრივ, სიცოცხლის უფლებასთანაა კავშირში.

„საღამოს საუბრებში“ ედუარდ მარიკაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, ყოველგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გარეშე უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება შესაბამისად არ იმოქმედებს, ის ავტომატურად უშვებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ფატალური შედეგის წინაშე დადგეს.

„სახელმწიფო როდესაც იღებს ვალდებულებას, რომ მსჯავრი დასდოს და იზოლაციაში მოაქციოს ადამიანი, იქვე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს სასჯელი იმაზე მეტი არ გახდება, ვიდრე სასჯელის მიზნებს ემსახურება. თუკი ეს სასჯელი გადაიზრდება ამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში და ამისთვის სახელმწიფო არაფერს გააკეთებს, რა თქმა უნდა, იქ მისი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა, რომლის თანახმადაც, როგორც ყველა პატიმარმა, მიხეილ სააკაშვილმაც ისეთი სამედიცინო მომსახურება უნდა მიიღოს, როგორიც მის ჯანმრთელობას სჭირდება. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო კონსილიუმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ სამედიცინო გარემოს საჭიროებს, ხოლო სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ციხის საავადმყოფოში ეს გარემო არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ მას სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაეწია.

„საღამოს საუბრებში“ ედუარდ მარიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საწინააღმდეგოდ დაასახელა ასევე არგუმენტი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სტატუსს და ამ სტატუსიდან გამომდინარე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანას უკავშირდება:

„რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი მეთორმეტე დაწესებულებაში? ეს არის სპეციალური ციხის პოპულაციისთვის განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, სადაც ან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ხვდებიან, ან ყოფილი სამართალდამცავები იმიტომ, რომ სხვა ადამიანებთან, პატიმრებთან მათი ურთიერთობა და შეხება ავტომატურად გულისხმობს, რომ მაღალი რისკი არსებობს მათ მიმართ, მათი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის. და როდესაც ეს საკითხი შემოდის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის თემასთან ერთად, იქვე ჩნდება განსხვავებული მოპყრობის აუცილებლობა“, - აღნიშნავს ედუარდ მარიკაშვილი, რომლის თქმითაც, ციხის საავადმყოფო ტექნიკურად აღჭურვილიც რომ იყოს, ავტომატურად გულისხმობს საფრთხეებს მიხეილ სააკაშვილისთვის სხვა პატიმრების მხრიდან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველი კი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2018 წელს საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG