Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა, კანონში მსგავსი არაფერი წერია“ - საფრთხე პრემიერის სიტყვებში


პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს იმის შესახებ, რომ თითქოს კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, ხოლო თუ ის ამას ჩაიდენს, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, ადამიანის უფლებების დამცველების, და არა მხოლოდ მათი, მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

პრემიერის ეს სიტყვები შეფასდა როგორც „კანონის უცოდინრობა“, როგორც „საფრთხე სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის“, როგორც „პოლიტიკურად მოტივირებული და არაჰუმანური განცხადება“.

და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, პრემიერის ამ სიტყვების მერე მაინც გაჩნდა კითხვა, მართლა შეიძლება მსგავსი რამ კანონში ეწეროს?

„არსად მსგავსი არაფერი წერია!“

„კანონში არსად წერია, რომ ვინმეს აქვს თვითმკვლელობის უფლება!“, - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხად.

ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფ, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილთან კავშირში თქვა, „ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობასო“.

საიდან მოიტანა კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ირაკლი ღარიბაშვილმა, გაუგებარია არა მხოლოდ საია-ს თავმჯდომარისთვის, არამედ სხვა იურისტებისთვისაც, ვინც საქართველოს კანონმდებლობას კარგად იცნობს, მაგალითად, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილისთვის, რომელიც ასევე საჯაროდ გამოეხმაურა პრემიერის სიტყვებს.

ნიკა სიმონიშვილი
ნიკა სიმონიშვილი

სიცოცხლის უფლება არც საქართველოს და არც საერთაშორისო კანონმდებლობით, თვითმკვლელობის უფლებას არ მოიცავს. პირიქით, განმარტავს ნიკა სიმონიშვილი, სახელმწიფოს, სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით, აქვს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ვალდებულებები.

ნეგატიური ვალდებულება იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა გადადგას ადამიანის სიცოცხლის უფლების შემლახავი ნაბიჯი ანუ არ უნდა მოუსპოს ვინმეს სიცოცხლე.

ხოლო პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან გულისხმობს ყველა შესაბამისი ზომის გატარებას, მათ შორის, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ სხვა პრაქტიკული ზომებისა, რომლებიც დაიცავს ადამიანის სიცოცხლეს.

აი, მაგალითად, როცა სახელმწიფო არეგულირებს საგზაო უსაფრთხოების წესებს, ეს მისი პოზიტიური ვალდებულებაა და ნიშნავს, რომ ამით ის თავისი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იცავს.

ეს ვალდებულება სახელმწიფოს აქვს ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. მაგრამ განსაკუთრებით, მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფების მიმართ და აქ, პირველ რიგში, პატიმრები იგულისხმებიან.

ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუ სახელმწიფო არ აწვდის პირს შესაბამის სამედიცინო დახმარებას, ან უარს ეუბნება მას სხვა ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, და ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ პოლიტიკურ მოტივს, მაშინ მარტივად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას.

„რაც შეეხება კანონის ამგვარ ინტერპრეტაციას, პრემიერისგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის გაუგებარ ჩარჩოებში აქცევს ჩვენს კანონმდებლობას და მას თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს“, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

ის იხსენებს ღარიბაშვილის კიდევ ერთ განცხადებას 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების შემდგომ, როდესაც პრემიერმა თქვა, რომ თურმე, უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ ისარგებლებენ უმცირესობის წარმომადგენლები საკუთარი უფლებებით.

„ასეთი განცხადებები არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ლოგიკაში და მათ აქვთ ცალსახად პოლიტიკური მიზანი. ეს არის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელსაც, სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის მხრიდან მიჩვეულები ვართ და რაც, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს“, - უთხრა ნიკა სიმონიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ერთადერთი, სადაც, საქართველოს კანონმდებლობაში, სიტყვა თვითმკვლელობას ვხვდებით, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი - თვითმკვლელობამდე მიყვანა, რომელიც სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა.

საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ასევე არასწორია პრემიერის ინტერპრეტაცია, თითქოს სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქმედებაზე, რადგან სწორედაც სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვაზე.

„ეს ან შეგნებულად გაკეთებული არასწორი ინტერპრეტაციაა, ან მას საერთოდ არ ესმის კანონმდებლობა“.

კარტ-ბლანში სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისათვის?

„ძალიან სარისკო განცხადება“, - ასე შეაფასა ჩვენთან საუბრისას ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ პრემიერ ღარიბაშვილის სიტყვები. იმდენად სარისკო, ამბობს მაია, რომ მედიასაც მოუწოდებს, მოერიდოს ამ სიტყვების ზედმეტად ტირაჟირებას.

მიზეზი კი მარტივია, გვიხსნის ფსიქოლოგი, - პრემიერის სიტყვები სრულ კარტ-ბლანშს აძლევს იმ ადამიანებს, ვისაც, შესაძლოა, მსგავსი ფიქრები ჰქონდეს და სუიციდისადმი იყვნენ მიდრეკილი. ასეთი ბევრი ადამიანია პატიმრებს შორისაც.

მაია ცირამუა
მაია ცირამუა

პრემიერის განცხადება საფრთხეს უქმნის მისივე ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მიღებულ სუიციდის პრევენციის პროგრამასაც, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ კონცეფციისგან, რაც ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერიდან გააცნო საზოგადოებას.

„თუ ყველაზე ადამიანური და ჰუმანური კანონებიდან ამოვალთ, მაშინ მისი ეს განცხადება ანტიქრისტიანულიც არის. თან იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რომ პრემიერი ძალიან ხშირად უგორებს კოჭს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ახლა კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამეს ამბობს“, - შენიშნავს მაია ცირამუა.

მინიშნება, რომ თითქოს თვითმკვლელობა კანონით დაშვებულია, რომ სახელმწიფო ამის გამო პასუხისმგებლობას არ აიღებს და ა.შ., ფსიქოლოგისთვის ნიშნავს ზოგადად პატიმრის უფლებებზე ხაზის გადასმას, რადგან, მაია ცირამუას აზრით, მიხეილ სააკაშვილი, ამ შემთხვევაში, მისთვის დღეს არის მხოლოდ პატიმარი, რომელიც შიმშილობს.

„თუ ღარიბაშვილი მართლა ასე ფიქრობს, სანამ ამას ხმამაღლა იტყვის, მან უნდა გადახედოს თავის როლს, პოზიციას დღევანდელ საქართველოში და ეს გაითვალისწინოს საჯარო განცხადებისას. პატიმრისადმი მისი ეს დამოკიდებულება არაჰუმანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავს, რაც იყო ჩვენი საზოგადოების მთავარი პრეტენზია იმ მთავრობის მიმართ, რომელიც 2012 წელს გადავირჩიეთ“, - უთხრა მაია ცირამუამ რადიო თავისუფლებას.

„ეს ერთი წინადადებაა საკმარისი მის გადასაყენებლად“

პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილისათვის ღარიბაშვილის სიტყვები ასე ითარგმნება:

„რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხმამაღლა უცხადებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ის არის მკვლელი და მზად არის მკვლელობის ჩასადენად“.

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

პოლიტიკოსი შენიშნავს, რომ ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა კი არ არის, რომელიც საკუთარ როლს არ მალავს ამ პროცესში, არამედ იმ მოსახლეობის პრობლემაც, რომელიც თავს იბრმავებს და არ ხედავს, როგორ ექცევა საქართველოს ხელისუფლება პატიმარ ადამიანს.

„რაც შეეხება იმას, კანონის ციტირება მოახდინა თუ არა. ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არასოდეს უთქვამს სიმართლე, ამიტომ არც ეს ყოფილა მოულოდნელი. ვწუხვარ, თუ ვინმე მართლა გაიქცა და შეამოწმა, კანონში რამე მსგავსი ხომ არ წერიაო. ღარიბაშვილი არის სარკული ასახვა ბიძინა ივანიშვილის. ეს არის არაადამიანობის ხელისუფლება, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც რიგში დგანან, რომ ისინიც კაციჭამიებში ჩაეწერონ“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

პოლიტიკოსი მოელის, რომ სააკაშვილის პატიმრობის ამბავი უკვალოდ არ ჩაივლის და „ოცნების“ ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. ბიძინა ივანიშვილისთვის კი ლევან ბერძენიშვილი რუმინელი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს მსგავს დასასრულს ვარაუდობს.

ხელისუფლების ცეცხლთან თამაში, როგორც პოლიტიკოსი უწოდებს ღარიბაშვილის მთავრობის ნაბიჯებს, იმის მანიშნებელია, რომ მათ არ იციან ან არ უნდათ იცოდნენ, რა ხდება ასეთ დროს.

„მათ გამოაცხადეს, ჩვენ დავიჭირეთ სააკაშვილი და პრობლემა აღარ არისო. თითქოს გაიყვანეს ის სიცოცხლის ზოლიდან და თქვეს, უფლება აქვს, თუ უნდა მოკვდეს, რა პრობლემააო. საქმეც ეგაა, რომ არის პრობლემა! ეს გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას და არა ერთ, არამედ მრავალ სიკვდილს მოიტანს“.

ლევან ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე ხაზს უსვამს, რომ იმ ქვეყანაში, რომელსაც არ გაუსამართლებია კომუნიზმი, არ გაუსამართლებია არავინ 1956 წლის მოვლენების ან 1989 წლის 9 აპრილის გამო, არ გაუსამართლებია ედუარდ შევარდნაძე, ხმა არ ამოუღია არც „თვითმფრინავის საქმეზე“ და არც სხვა არაერთი გახმაურებული დახვრეტის საქმეზე, მოულოდნელად იპოვეს ყველაზე დიდი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელსაც, შესაძლოა, მიუძღოდეს კიდეც ბრალი ცნობილ ოთხ საქმეში, რომელიც ახლა სასამართლოშია, მაგრამ, როგორც ბერძენიშვილი შენიშნავს, პროკურატურას არ უზრუნია იმაზე, რომ ეს მისთვის დაემტკიცებინა.

„ფაქტია, საქართველოს გარდა მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც სააკაშვილი დამნაშავედ მიაჩნიათ. პასუხისმგებლიანი ხელისუფალი ასეთ კაცს არ დაიჭერდა. თუ, ეგონათ, რომ დაიჭერდნენ და იქ მშვიდად იჯდებოდა? არ არის ეგეთი ფიგურა სააკაშვილი. მან მაშინვე უპასუხა იმ პასუხით, რამაც მომენტალურად გააჩინა კრიზისული მდგომარეობა“, - გვითხრა ლევან ბერძენიშვილმა.

პოლიტიკოსის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ასეთი განცხადებების მიზეზი კი ის არის, რომ მას აქამდე „ყველაფერი გაუვიდა, რაც თქვა“, თორემ ეს ერთი წინადადება იქნებოდა საკმარისი მისი პოსტიდან გადასაყენებლად.

მმართველ გუნდში პრემიერის სიტყვებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გამოექომაგა და თქვა, რომ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ სიტყვები „კანონში წერია“ და იქვე აგვიხსნა, სინამდვილეში რა თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა:

„რომ ადამიანს აქვს უფლება, განკარგოს თავის თავი, თავის სხეული, თავის მომავალი, თავის ბედი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ შესაბამისად არ უნდა იმოქმედოს და პრევენცია არ უნდა მოახდინოს ცუდი, ლეტალური შედეგის. ეს თქვა ღარიბაშვილმა, მაგრამ თქვენ მხოლოდ ის გესმით, რაც გჭირდებათო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG