Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში დააკავეს ციხის ყოფილი უფროსი, ენმ-ის მხარდამჭერი ამირან ჯანაშია


ანა წითლიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ დააკავეს ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია. როგორც წითლიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მას „იარაღი ჩაუდეს“.

„სენაკის გზაზე დააკავეს, თბილისიდან მოდიოდა. მას ჩაუდეს იარაღი და ეს რომ მოსალოდნელი იყო, ამაზე მან ჯერ კიდევ მანამდე დაწერა „ფეისბუკ"-გვერდზე და ჩვენც ვამბობდით ამას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის მხარდამჭერ ყოფილ სამართალდამცავებს პოლიტიკური ნიშნით დევნის ხელისუფლება.

ამირან ჯანაშიას შესახებ შეკითხვას უპასუხა ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ზოგადად, კრიმინალებით არის სავსე ეს ორგანიზაცია [„ნაციონალური მოძრაობა"]. ეს შემთხვევა მე კი არ ვიცი, მაგრამ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ რას? მუდმივად ხდება „ნაცმოძრაობის" მიერ კონკრეტული კრიმინალების გამართლება. რატომ? ეს პოლიტიკური ძალა, ზოგადად, არის სავსე კრიმინალებით. დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, მეგის ქარდავათი, გიგი უგულავა და ა.შ. დამთავრებული მთელი რიგი რიგითი აქტივისტებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოგვიანებით განაცხადეს, რომ ამირან ჯანაშია დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

20-21 ოქტომბერს შსს-მ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა - ჯერ ლექსო რაფავა, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, შემდეგ კი გიორგი დათიაშვილი - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ასევე ყოფილი მოადგილე. მაღალჩინოსნებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა წლების წინ, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად დატოვეს.

ამ ფაქტების გამო, 21 ოქტომბერს ბრიფინგი გამართეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებულმა ძალოვანი უწყების ყოფილმა თანამშრომლებმა. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ჩხრეკებს ატარებს ყოფილი სამართალდამცავების სახლებში და იარაღს „უდებს“ ყოფილ პოლიციელებს იმის გამო, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან. მათ თქვეს, რომ მოსალოდნელია კიდევ რამდენიმე პირის „უკანო დაკავება“.

ყოფილი სამართალდამცავების დაკავების გამო თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა რამდენიმე პოლიციელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG