ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი, ახლა უკვე პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმა არავის სასარგებლოდ არ მიუცია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
"როდესაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ. საერთოდ, გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ "ცუდსა" და "ცუდს" შორის, მე, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ "საქართველოსთვის"... "საქართველოსთვის" ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ გვაიძულებენ ორ "ცუდს" შორის რომელიმე ავირჩიოთ, უფრო ცუდი კი არა, რა თქმა უნდა, ხმას არც ერთს არ მივცემ", - თქვა გახარიამ.
გახარია თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო და ხმების რაოდენობით ის პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა. დღეს, 30 ოქტომბერს, თბილისში მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობენ გახარიას ყოფილი თანაგუნდელი და მმართველი პარტიის ლიდერი კახა კალაძე და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.