Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: ამ არჩევნებმა უნდა დაასრულოს საბჭოთა სტილის, ერთპარტიული მმართველობა


„მე ხმა მივეცი კონკურენციას, მრავალფეროვნებას, ცვლილებას და დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა უმრავლესობა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო, საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხნას კოალიციურ მმართველობას“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი გააკეთა თბილისში, #6 საარჩევნო უბანზე.

მისი აზრით, კოალიციური მმართველობა ნიშნავს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. ხოლო ერთპარტიული პირქუში მმართველობა საქართველოს ვერ გაიყვანს იმ გზაზე, რომელიც დიდი ევროპული ოჯახის წევრობამდე მიდის.

„ამიტომ მე დღეს დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა წინასწარი მონაცემები, რომლებიც არსებობს. ვხედავთ, რომ მეორე ტურში აქტივობაც მაღალია, რაც, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა და ის არჩევანს გააკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ და დღეს არის შანსი იმისა, რომ ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი და შევცალოთ თბილისი და საქართველო უკეთესობისკენ. სწორედ მრავალფეროვნებაა იმის გარანტია, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ასევე თქვა, რომ ამ არჩევნებით უნდა დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის პროცესი და საზოგადოების გახლეჩის ეპოქა.

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში იმართება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. ამომრჩეველს ბიულეტენებზე მხოლოდ ორი კანდიდატის სახელი ხვდება. სამი მუნიციპალიტეტის გარდა ყველგან არჩევანი „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის არის გასაკეთებელი. ხოლო თიანეთში, ოზურგეთსა და ცაგერში „ქართული ოცნების” კანდიდატებს ყოფილი თანაგუნდელები უპირისპირდებიან.

თბილისის მერობისთვის იბრძვიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია (პირველ ტურში - 34,01%) და „ქართული ოცნების“ კანდიდატი და მოქმედი მერი, კახა კალაძე (პირველ ტურში - 45.00%).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG