Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ნიკა მელია


თბილისის მერობის კანდიდატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მოუწოდა რუსთავის მე-12 საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება შემაჯამებელი ოქმები და დადასტურდება ოპოზიციის გამარჯვება.

„უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის როგორც ლიდერის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავგანწირვამ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლა ჩვენ გვიყურებს და მინდა აქედან მივესალმო დიდი პატივისცემით და ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როცა შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება, ჩემი სურვილი იქნება, ახლა, როცა ოპოზიცია არის გამარჯვებული, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან იგი ჩვენ გვიჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი. ჩვენ არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ, რომელმაც "ლელოს" ოფისში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართუი ბრიფინგიდან ასევე მიმართა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს:

„ძალიან თხელ ყინულზე დასეირნობთ, ბატონებო, და არ მინდა, რომ ეს თხელი ყინული ჩაგიტყდეთ. არ მინდა ჩადგეთ იმ მდგომარეობაში, რომ ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვება წაართვათ ხალხს. ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში. ადგილობრივი საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა საკადრის პასუხს გაგცემთ“.

ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციის კოალიციაში გაერთიანებამ დამატებით ათობით ათასი ხმა მოუტანა ოპოზიციას, ბევრმა დაიჯერა, რომ „ღირდა იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რომელშიც ისტორია იწერებოდა“.

„კოალიციური ერთობა ღირსია იყოს წარმოდგენილი ცენტრალურ დონეზე“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG