Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოსებ ხახალეიშვილი: ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ


ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 30 ოქტომბრის არჩევნებში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა ქუთაისს, სოსო ხახალეიშვილს, „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გუშინ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს ოფიციალურადაც გამოცხადებულია ცესკოს ოფიციალური მონაცემებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი დღეებიდან გვექნება აქტიური და პოზიტიური თანამშრომლობა. ძალიან ბევრი დაწყებული საქმე გაგრძელდება. იქნება ახალი საქმეებიც. ვფიქრობ, რომ ქუთაისში, ყველა ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მზად იქნება იმისათვის, რომ ვიმუშაოთ და ჩვენს ქალაქს მივცეთ უფრო კეთილი და წარმატებული ხვალინდელი დღე“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქუთაისში, ხმათა 100%-ის დათვლის შემდეგ, 51,643% „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა მოიპოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ხატია დეკანოიძე მას 3%-ით ჩამორჩა. არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა 48,357%-მა დაუჭირა მხარი ოპოზიციის კანდიდატს.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 69 871-მა ადამიანმა დააფიქსირა, რომელთაგან 32 703-მა ხმა „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ხატია დეკანოიძეს მისცა, ხოლო 34 925-მა „ქართული ოცნების” კანდიდატს დაუჭირა მხარი.

მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 საჩივარი შევიდა, რომელთა დიდი ნაწილი პროცედურულ გადაცდომებზეა დაწერილი და სავარაუდოდ, შედეგებზე რაიმე ტიპის გავლენას ვერ იქონიებს.

ქუთაისში ბათილი ბიულეტენების ჯამმა 2396 შეადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ტურში, 2 ოქტომბერს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ხმების 43,34% მიიღო, მისმა კონკურენტმა "ქართული ოცნებიდან", მოქმედმა მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა კი 41,45%.

მეორე ტური 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა; ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG