საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მიაჩნია, რომ ჩატარებული არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმევა პოლარიზაციას და ხელოვნურად შექმნილი ქაოსის განცდას, ხოლო შემდეგი სამი წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანა საარჩევნო ციკლში არ იქნება, მას მიეცემა შესაძლებლობა „ფოკუსირებული იყოს მოსახლეობის და ქვეყნის სასარგებლო საქმეებზე“, კერძოდ:
„ქალაქების, რეგიონების განვითარებაზე, თბილისის აღორძინებაზე, იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც წამოწყებულია და მთავრობის მიერ წარდგენილი ათწლიანი გეგმის შესრულებაზე. ყველაფერ ამას სჭირდება სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და იმედია ამას გააცნობიერებენ პოლიტიკური ოპონენტებიც“, - წერს დავით ზალკალიანი და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს.
საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო ხელოვნურ კრიზისში შევიდა“, რაც ზალკალიანის განცხადებით, დაუშვებელია იმ სერიოზული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც იდგა და დგას ქვეყანა.
“ქართული ოცნების” მიზანია აღმშენებლობის ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდეს მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში, მათ შორის, თვითმმართველი ერთეულები განვითარდნენ და ჩვენი დედაქალაქი გარდაიქმნეს ჭეშმარიტ ევროპულ ქალაქად. სწორედ სტაბილურ განვითარებას მისცა ხმა მოსახლეობის უმეტესობამ და ამით ღირსეული არჩევანი გააკეთა“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა; ცესკოს წინასწარი მონაცემებით ყველგან, წალენჯიხის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დილის 8 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, თბილისში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.
დაწერეთ კომენტარი