Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი „სოლიდარულია“ პარტნიორებთან ირანის ბირთვულ მოლაპარაკებაში დაბრუნების საკითხში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, აცხადებს, რომ ვაშინგტონი „აბსოლუტურად სოლიდარულია“ დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხში. ამასთან სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ ბუნდოვანია აპირებს, თუ არა თეირანი მოლაპარაკებაში მონაწილეობის "მნიშვნელოვანი სახით."

ბლინკენის ეს შეფასება სიენენის ეთერში გაჟღერდა 31 ოქტომბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს ირანს, განაახლოს ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დაცვა, რათა თავიდან აიცილოს „სახიფათო ესკალაცია“.

„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ პრეზიდენტ რაისს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და იმოქმედოს კეთილსინდისიერად, რათა მოლაპარაკებებს სწრაფად მოჰყვეს შედეგი. ეს არის ერთადერთი უსაფრთხო შესაძლებლობა თავიდან იქნას აცილებული სახიფათოს ესკალაცია, რომელიც არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ შედის“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების მიერ G20-ის რომის სამიტის ფარგლებში მიღებულ განცხადებაში.

დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ მოლაპარაკების აღდგენის გაჭიანურების შესახებ. მოლაპარაკებები შეწყვეტილია ირანში ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

2015 წლის ხელშეკრულებით თეირანს მოეხსნა საერთაშორისო სანქციების ნაწილი, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ხელშეკრულებას დარტყმა მიაყენა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2018 წლის გადაწყვეტილებამ, აშშ შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოეყვანა და ირანისთვის აღედგინა მკაცრი სანქციები. ამის პასუხად ირანმა თანდათან სულ უფრო მეტად დაიწყო ნაკისრი პასუხისმგებლობების დარღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG