Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო უბნების ნაწილში შედეგების ხელახლა დათვლა იწყება


საარჩევნო კომისიები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ხელახლა დათვლიან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სხვადასხვა ოლქში არჩეულ 140 უბანზე. ამ პროცედურას საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს. საარჩევნო კომისიები უბნებს 11:00 საათზე, წილისწყრით გამოავლენენ. შედეგების გადათვლა 17:00 საათზე დაიწყება. ამ პროცედურამდე ერთი დღით ადრე, 31 ოქტომბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა რეკომენდაციით, სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7 საარჩევნო უბნის შედეგები.

ხელახალი დათვლის პროცესზე დასწრება შეუძლიათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს. გადათვლის ცენტრებში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს ჩაუტარდება კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება. გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები და პროცესის ამსახველი ვიდეომასალა ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გადათვლის პროცედურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროცესის გამჭვირვალობას.

კანონით დადგენილი ხმების გადათვლის პროცედურის მიღმა, ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს შედეგების ხელახლა დათვლას არაერთ ოლქში, სადაც მრავლად იყო ბათილი ბიულეტენები.

30 ოქტომბერს, საქართველოს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა მერის არჩევნების მეორე ტური. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთგან - წალენჯიხაში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში, საიდანაც 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში "ნაციონალური მოძრაობის", "გახარია-საქართველოსთვის", "თავისუფალი საქართველოს" და "ევროპელი სოციალისტების" კანდიდატებმა. მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ კოალიციური მმართველობის მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG