Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხაში საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის ჰაბს“ ხსნის


"აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD) წალენჯიხაში ახალ ოფისს - “დემოკრატიის ჰაბს” გახსნის.

ორგანიზაციის განცხადებით, წალენჯიხაში ოფისი გაიხსნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მხარდასაჭერად:

„ეფექტური დემოკრატიის შექმნა, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური გაძლიერების მხარდაჭერისთვის, ვხსნით ახალ ოფისს. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების, საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდაჭერა და თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების წახალისება“.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “დემოკრატიის ჰაბი” იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვის და აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მოეწყობა შეხვედრები და სემინარები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ, წალენჯიხელების ხმათა 51.11% მოიპოვა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოგა გულორდავამ - 48.89 %.

რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG