Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება


უკრაინის სახალხო დამცველის და საქართველოს ელჩის შეხვედრა კიევში. 2021 წლის 1 ნოემბერი
უკრაინის სახალხო დამცველის და საქართველოს ელჩის შეხვედრა კიევში. 2021 წლის 1 ნოემბერი

უკრაინის პარლამენტის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვამ კიევში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრისას მოითხოვა განმარტებები საქართველოში ჩასული უკრაინის მოქალაქეებისთვის პრობლემების შექმნის გამო.

დენისოვას ინფორმაციით, მისი ინიციატივით ელჩთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს საელჩო უკრაინაში იღებს მოქალაქეთა მრავალრიცხოვან მიმართვებს საქართველოში სასაზღვრო კონტროლის ხანგრძლივი პროცედურების და უკრაინაში იძულებით დაბრუნების გამო.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ეს თავადაც გამოსცადა 26 ოქტომბერს, უკრაინის მოქალაქის, რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით საქართველოში ჩასვლისას, როცა მესაზღვრეებმა 40-წუთიანი შეფერხების შემდეგ მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება. უკრაინის სახალხო დამცველის თანახმად, სასაზღვრო სამსახურს შეფერხების მიზეზი არ განუმარტავს და ყურადღება არც მისი დიპლომატიური პასპორტისთვის მიუქცევია.

დენისოვას განცხადებითვე, ქართულმა მხარემ განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვა უკრაინის მოქალაქეები, ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი, მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და ჟურნალისტები, დმიტრი გორდონი და ოლესია ბაცმანი. უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოს ელჩთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან მსგავსი ქმედებების განმარტებას ელოდება.

ლუდმილა დენისოვას თანახმად, ელჩთან შეხვედრისას განიხილეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 32 დღეა შიმშილობს. უკრაინის სახალხო დამცველმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს და ყველაფერი გაკეთდეს სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების დასაცავად. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაჰპირდა, რომ მის მიერ წამოჭრილ საკითხებს საქართველოს ხელისუფლებამდე მიიტანს და შესაბამის განმარტებებს წარუდგენს.

26 და 27 ოქტომბერს საქართველოში არ შეუშვეს და თბილისის აეროპორტიდან უკრაინაში დააბრუნეს იურისტი ევგენ გრუშოვეცი, მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში, ტელეწამყვანი დმიტრი გორდონი და მისი ცოლი ოლესია ბაცმანი. ისინი საპატიმროში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავდნენ. ყველა მათგანი აცხადებდა, რომ საქართველოში ჩასვლის აკრძალვის მიზეზი არ დაუსახელეს. საზღვარზე შეაფერხეს უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა. საქართველოს შსს-ს რაიმე განმარტება დღემდე არ გაუკეთებია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და 1 ოქტომბრიდან საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG