რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლაე ჩიუკემ, 2 ნოემბერს ოფიციალურად თქვა უარი ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების თაობაზე მინიჭებულ მანდატზე, რადგან მის ნაციონალურ-ლიბერალურ პარტიას პარლამენტში არასაკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა უმცირესობის მთავრობის ფორმირების საკითხში.
„დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური პარტიის დონეზე გატარებული მთელი საქმიანობა ეფუძნება დიალოგსა და იმ სიტუაციის შეფასებას, რომელშიც ქვეყანა ამჟამად იმყოფება“, - განაცხადა ჩიუკემ ნაციონალურ-ლიბერალური პარტიის საგანგებო სხდომაზე.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლაე ჩიუკემ მთავრობის ფორმირების მანდატი 21 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისისგან მიიღო მას შემდეგ, რაც მანამდე უშედეგოდ დასრულდა კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესი ქვეყანაში, რომელშიც პოლიტიკურ კრიზისს კორონავირუსით გამოწვეული უკიდურესად მძიმე მდგომარეობა ემატება.
კლაუს იოჰანისმა თადარიგის გენერალს და რუმინეთის არმიის გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ნიკოლაე ჩიუკეს, მას შემდეგ სთხოვა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის ფორმირება, რაც პარლამენტის ნდობის ვოტუმი ვერ მიიღო პრემიერ-მინისტრის პოსტზე მანამდე წარდგენილმა, რუმინეთის მემარჯვენე-ცენტრისტული „რუმინეთის ხსნის კავშირის“( USR) ლიდერმა, დაჩიან ჩოლოშმა.
რუმინეთში სამთავრობო კრიზისი დაიწყოს მას შემდეგ, რაც 5 ოქტომბერს რუმინეთის პარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ფლორინ კიცუს მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის გადადგომას.
49 წლის კიცუ - აშშ-ში განათლებამიღებული ბანკირი - შარშან დეკემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იკავებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს. მან მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში შემავალი პარტნიორების მხარდაჭერა დაკარგა „დიქტატორული ქცევის“გამო, როცა მან USR-ის რამდენიმე წევრი გაათავისუფლა მთავრობიდან, მათ შორის, იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები.
COVID-19-ის მეოთხე ტალღის გარდა, რუმინეთში პრობლემებს ქმნის ასევე ენერგომატარებლების ფასის ზრდა მოახლოებული ზამთრის წინ.
დაწერეთ კომენტარი