Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაიას თქმით, ოპოზიცია შემთხვევითი შერჩევით უბნების გადათვლის პროცესს ეთიშება


გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მათი დამკვირვებლები აღარ ჩაერთვებიან შემთხვევითი შერჩევით შერჩეული უბნების ბიულეტენების გადათვლაში. ამის მიზეზად ბრიფინგზე თამარ კორძაიამ მათი დამკვირვებლების მოსაზრებების გაუთვალისწინებლად დატოვება დაასახელა.

"გადათვლის პროცესი მიმდინარეობს ხარვეზიანად, არასრულყოფილად, ტენდენციურად, რასაც ადასტურებს ის, რომ გადათვლისას ხდება მხოლოდ ბიულეტენების გადათვლა, არ ხსნიან სამაგიდო სიებს და ხელმოწერებს, რაც არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ნაწილია. ხელმოწერები და სამაგიდო სიები რჩება არჩევნების "აქილევსის ქუსლად", რადგან მანიპულაცია სწორედ სიებით და ხელმოწერებით ხდება. მოვუწოდებთ კომისიებს, რომ საარჩევნო სიები, სამაგიდო სიები გასაჯაროვდეს მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე", - თქვა კორძაიამ.

მისივე თქმით, ხმების დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალების არასრულყოფილად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს, რომ ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ თბილისში 300 უბნიდან მხოლოდ 106 უბანში გადაღებული ვიდეოკადრებია ატვირთული, 109 შემთხვევაში კი ვიდეოები არ არის ჩაწერილი, ან ცუდი ხარისხი აქვს.

"კონტროლის ეს მექანიზმი ვერ და არ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი იმის, რომ ამ უბნებზე მდგომარეობა შეცვლილია და ხელისუფლება ამას იყენებს მანიპულაციისთვის. ამ ფონზე, როდესაც ამ მასშტაბის ვიდეოები არ არის ატვირთული, მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, ისიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თუ კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, არ იძლევა არავითარ სურათს და არავითარი შედეგის მაჩვენებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფასადურ, პროცედურულ დემოკრატიასთან", - თქვა მან.

საქართველოს კანონმდებლობით ყველა იმ უბანზე, სადაც 300-ზე მეტი ამომრჩეველია, კომისია ვალდებულია ხმების დათვლის პროცესი გადაიღოს. მოგვიანებით ამ მასალას ცესკო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. ასევე კანონის მოთხოვნით, ყველა ოლქში უნდა შეირჩეს 5-5 უბანი და შედეგები ახლიდან გადაითვალოს. ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს და გადათვალეს 7-7 უბნის შედეგები. ცესკოს თანახმად, ამ დროისთვის გადათვლილია 201 უბნის შედეგები. ცესკოსვე გადაწყვეტილებით, თითო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 2 ისეთ უბანზეც უნდა გადაითვალონ შედეგები, რომელთა ვიდეოფიქსაციის ჩანაწერები არ არსებობს.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბერს, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ადგილზე გააპროტესტებს სხვა ქალაქებშიც. მორიგი აქცია დედაქალაქში 6 ნოემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG