„ფიცს ვდებ თქვენს წინაშე, ხალხო, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ“, - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბათუმში, მთავრობის სახლთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია 18:00 საათისათვის დაიწყო. ნიკა მელიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი არჩევნების შედეგები მიიტაცა, ოპოზიცია უკანდახევას არ აპირებს, რაც მათ გარდაუვალ გამარჯვებამდე მიიყვანს:
„არ ჩათვალო მუქარად, ბიძინა ივანიშვილო. უბრალოდ, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შემოვიდეთ, საჭიროების შემთხვევაში. მშვიდობიანად და ხელებაწეულები. სიმრავლით დაგამარცხებთ. თქვენ ხართ დიქტატორი, ადამიანი, რომელიც აბუჩად გვიგდებთ, მაგრამ ამას ვეღარ გააგრძელებთ. სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, ისეთ სიურპრიზებს მოგიმზადებთ, რომლებიც გაგაკვირვებთ და რომელიც გაახარებს ამ ქვეყნის და სახელმწიფოს ბევრ ქომაგს. გამარჯვება არის გარდაუვალი. უკან დახევა არ იქნება, ხალხო“,- თქვა ნიკა მელიამ 2 ნოემბერს ბათუმში გამართულ აქციაზე.
31 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიამ უთხრა, რომ საქართველოში დაიწყებდნენ პერმანენტულ აქციებს. "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს აქციები გამართოს დიდ ქალაქებში, ბათუმის გარდა ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისშიც. თბილისში აქცია 6 ნოემბერს არის დაგეგმილი.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.