Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ განსახილველად მიიღო ვიქტორ იანუკოვიჩის სარჩელი


ვიქტორ იანუკოვიჩი
ვიქტორ იანუკოვიჩი

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) განსახილველად მიიღო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის სარჩელი. ის ასაჩივრებს უკრაინის სასამართლო ორგანოების მხრიდან მის მიმართ წინასწარაკვიატებულობასა და უკრაინის უარს, გამოიძიოს მასზე თავდასხმა. ამის შესახებ ლაპარაკია ECHR-ის შეტყობინებაში.

2014 წელს უცნობი პირები შეეცადნენ გაეჩერებინათ ავტოკოლონა, რომელიც ხარკოვის მიმართულებით მიემართებოდა ხუთი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. პირველ სამზე მანქანებისთვის გზის გადაკეტვას შეეცადნენ, ბოლო ორზე კი მათ ცეცხლი გაუხსნეს. იმავე დღეს უმანის მახლობლად საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ცეცხლი გაუხსნეს ავტოკოლონას, რომელიც ყირიმის მიმართულებით მიემართებოდა.

იანუკოვიჩი ამ ეპიზოდებს მის სიცოცხლეზე თავდასხმად აფასებს, თუმცა ის არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მანქანებში. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, უკრაინას სათანადოდ არ გამოუძიებია ეს ინციდენტები.

ექს-პრეზიდენტი ასევე მოითხოვს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალზე დიდხანს გრძელდება და ის „არ არის არც დამოუკიდებელი და არც მიუკერძოებელი“.

ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროსასამართლოში სარჩელი 2015 წლის ოქტომბერში გაგზავნა. როცა სარჩელის განხილვა დაიწყო, სტრასბურგის სასამართლომ უკრაინის მთავრობას მიმართა თხოვნით, კომენტარი გაეკეთებინა იანუკოვიჩის პრეტენზიებზე.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის მე-4 პრეზიდენტია. მისი უარი, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, შემდეგ კი კიევში დემონსტრანტების დარბევა, მიზეზი გახდა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე, რაც ევრომაიდნის ან „ღირსების რევოლუციის“ სახელით არის ცნობილი. შედეგად ვერხოვნა რადამ იანუკოვიჩი ხელისუფლებას ჩამოაშორა. თავად იანუკოვიჩი და ოფიციალური მოსკოვი ამ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG