Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის შსს-მ პოლონური ტელეარხი Belsat TV ექსტრემისტულ ფორმირებად აღიარა


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლონური ტელეარხი Belsat TV და მისი სოცქსელები ექსტრემისტულ ფორმირებებად აღიარა.

Belsat-ი აქტიურად აშუქებდა ალიაქსადრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში. ტელეარხის ჟურნალისტები არაერთხელ დააკავეს. შარშან ნოემბერში დაკავებულ ეკატერინა ნადრეევასა და დარია ჩულცოვას ორი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს მშვიდობიანი აქციის გაშუქებისთვის.

1 ნოემბერს მინსკის სასამართლომ 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა Belsat-ის ჟურნალისტ ირინა სლავნიკავასა და მის ქმარს, ალიაქსანდრ ლოიკოს. მათ ფეისბუკში საკუთარ გვერდებზე ექსტრემისტული მასალების შენახვაში დასდეს ბრალი.

Belsat-ი 2007 წელს შეიქმნა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას შორის შეთანხმების საფუძველზე. 2021 წლის ივლისში ბელარუსის ხელისუფლებამ ტელეარხის ვებსაიტი და სოცქსელებში მისი გვერდები ექსტრემისტულად მიიჩნია.

ოქტომბერში ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოცქსელებში ჯგუფების აკრძალვის უფლება მიიღო. მას მერე ექსტრემისტულად გამოცხადდა ოცამდე ჯგუფი და „ჩატი“ Telegram-ში. იურისტები ამბობენ, რომ ჩანაწერების კითხვა არ შეიძლება ექსტრემისტულ საქმიანობად ჩაითვალოს.

უფლებადამცველთა თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ჟურნალისტებზე ზეწოლას. გრძელდება ჩხრეკა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების რედაქციებსა და მათ თანამშრომელთა ბინებში. ცენტრ „ვიასნას“ თანახმად, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 30-მდე ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG