Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება


სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კერძო კლინიკის, "ვივამედის", ექიმის შესვლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამსახურის განმარტებით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია.

"განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება... პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში კლინიკა "ვივამედიდან" ანგიოლოგი სააკაშვილის პირადი ექიმის რეკომენდაციით მიიწვიეს, რადგან მას თავად არ ჰქონდა ამ დარგში სპეციალიზაცია.

"დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აცხადებენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG