განვლილი დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ისგან რუსეთში 1195 ადამიანი გარდაიცვალა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ მესამე დღეა აღირიცხება პანდემიის განმავლობაში სიკვდილიანობის მაქსიმალური ოდენობა.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში (ანექსირებული ყირიმის ჩათვლით) პანდემიის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 243 255 ადამიანი. დამოუკიდებელი დემოგრაფები ფიქრობენ, რომ სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი, რეალურთან შედარებით, სულ მცირე სამჯერ არის შემცირებული. ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში რუსეთში პანდემიის განმავლობაში 700 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობა არავაქცინირებულ მოქალაქეებზე მოდის.
განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის დაინფიცირების 40 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის სწრაფი ზრდის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით არასამუშაო დღეები გამოაცხადა, ხოლო მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს.