Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართავს


პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უნდა გადასცეს პატრიარქის წერილი შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით.

„წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. თხოვნა არის და რჩევა არის მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიმართავს თუ არა საპატრიარქო საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, მან უპასუხა, რომ ვერ მიმართავს:

"საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგან ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს", - თქვა მიქაელ ბოტკოველმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს. მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ამ საკითხს აღარ დაუბრუნდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

XS
SM
MD
LG