Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში დააპატიმრეს რუსეთის სამეცნიერო ხომალდი


„აკადემიკოსი იოფე“ კანადაში (საარქივო ფოტო)
„აკადემიკოსი იოფე“ კანადაში (საარქივო ფოტო)

დანიაში, სკაგენის ნავსადგურის დრეიფზე დააპატიმრეს რუსეთის სამეცნიერო ხომალდი, „აკადემიკოსი იოფე“, რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტი იყენებს.

ხომალდი ახალი დაბრუნებულია სამეცნიერო ექსპედიციიდან.

ხომალდის დაპატიმრების შესახებ იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის თანახმად, ინციდენტი მოხდა 1 ნოემბერს. ხომალდი დააპატიმრეს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მის ადრინდელ საქმიანობას.

სამინისტრო არ აზუსტებს, დაკავებულია თუ არა ხომალდის ეკიპაჟი და რა საჩივარი გახდა ხომალდის დაკავების მიზეზი.
ინციდენტის შესახებ კომენტარს არც ოკეანოლოგიის ინსტიტუტი აკეთებს.

კალინინგრადის ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტის 2 ნოემბრის ანგარიშით, „იოფეზე“ 45 დღიანი კვლევითი ექსპედიცია დასრულდა. გამოცემა „რუსკი ზაპადი“ იტყობინება, რომ მკვლევრები შეისწავლიან ანტარქტიკის ქვედა წყლების ღრმა გასასვლელებს ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში.

„აკადემიკოსი იოფე“ 1988 წელს ფინეთში აიგო. მას ოკეანეში ბგერის შორს გავრცელების ცდებისთვის იყენებდნენ.

ხომალდი აღჭურვილია ჰიდროაკუსტიკური სიგნალების გამოსხივების აპარატით, რომელსაც ხომალდის კორპუსიდან უშვებენ წყალში.

ამ ტექნოლოგიას იყენებენ ოკეანოლოგები, თუმცა მას სამხედრო დანიშნულებაც აქვს.

XS
SM
MD
LG