Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დააკავეს ენმ-ის აქტივისტი ელდარ კეზუა


ანა წითლიძე
ანა წითლიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზუგდიდის განყოფილებასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციაზე, ოპოზიციური პარტიის აქტივისტი, ელდარ კეზუა, დააკავეს. ის ტერიტორიიდან მაშინ გაიყვანეს, როცა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლა მოჰყვა ენმ-ის წევრების და რამდენიმე მხარდამჭერის აქცია-პერფორმანსს. პარტიის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ სუს-ის ზუგდიდის განყოფილებასთან შპრიცები, თეთრი ფხვნილი და პლაკატი წარწერით - „რევოლუცია” - მიიტანა. მისი სიტყვებით, ეს ყველაფერი სწორედ სუს-ის სიმბოლოა, რითაც არჩევნებში მმართველ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

„ეს შენობა (სუსის შენობა) დაინგრევა, აქაც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ის არის ბოროტების ბუდე. აქედან ხდება არჩევნები, აქედან ხდებოდა მთავარი ტერორი… სწორედ სუს-ის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ნარკოტიკების დარიგებაში ხმის სანაცვლოდ”, - განაცხადა წითლიძემ.
მისი სიტყვებით, სურს გასაუბრება სუს-ის ადგილობრივ წარმომადგენლებთან სიტყვა რევოლუციის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ განცხადება გაავრცელეს.


ანა წითლიძის განცხადებით, დაკავებებით მათ ვერ შეაშინებენ და პროტესტი გაგრძელდება, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია 3 ნოემბერსაც გამართა ზუგდიდში.

ცნობისთვის, სახელმწფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ისეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უწყება რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვამს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოწოდება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG