Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილი ალტერნატიულ კონსილიუმთან შეხვედრამდე, მოქმედთან ურთიერთობას წყვეტს


ნიკოლოზ ყიფშიძე

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „ჯერ განვიხილეთ მისი ბოლო ტესტები, რომლებიც დღეს საღამოს გაკეთდა. მასში არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო, თუმცა რაღაც-რაღაცები იყო გაუარესებული, მაგრამ არ ვიტყვი, რომ რაღაც დრამატული ცვლილებებია. შემდეგ გავესაუბრე პრეზიდენტს, მისი მდგომარეობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გუშინ იყო. მძიმდება ნელ-ნელა. ეს ვთქვი მე ჩამოსვლიდან მეორე დღეს. ასე რომ, ახალი არაფერი არ არის“, - აღნიშნავს ყიფშიძე.

ექიმმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის მეხსიერების პრობლემებს. „მისი მეხსიერება ხანდახან სჯობს, რომ უკეთესი იყოს, მაგრამ თუ მხედველობაში ვიქონიებთ შიმშილს, სტრესს, გადატანილ კოვიდს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ხანდახან შეიძლება ჰქონდეს მეხსიერების პრობლემები“, - თქვა ყიფშიძემ.

პირადმა ექიმმა მედიას გააცნო მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ალტერნატიული კონსილიუმის შესახებ. „ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას უნდა ნახოს ალტერნატიული კონსილიუმი, რომელშიც შედის პირადი ექიმი ჰოლანდიიდან, რომელიც მკურნალობდა მას კოვიდის დროს და ასევე რამდენიმე ექიმი. ის მიიჩნევს, რომ მიუღებელია, ერთი კომისია მიიღოს და მეორე არა. თუმცა პირველ კომისიაზე ის უარს არ აცხადებს, მაგრამ, სანამ ის ალტერნატიულ კომისიას არ შეხვდება, არ შეხვდება პირველ კომისიასაც. ეს იმიტომ კი არა, რომ პირველი კონსილიუმი ცუდი იყო ან რაღაც პრობლემები ჰქონდა. ორივე კომისია მოსწონს, მაგრამ, უნდა, რომ ალტერნატიულიც ნახოს“, - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ექიმის ვარაუდით, აღარ გაიმართება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შექმნილი კონსილიუმის შეხვედრა, რომელიც 5 ნოემბერს იყო დანიშნული.

ნიკოლოზ ყიფშიძემ კიდევ ერთხელ დააყენა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის საკითხი. „მე თავიდანვე ვიძახდი, როდესაც ჩამოვედი, რომ ეს საქმე სულ უფრო გაუარესდებოდა. ჩვენ ვერაფრით გავიგეთ, რომ შიმშილობის დროს ადამიანი უარესად ხდება. უფრო მეტი პრობლემები გვექნება წინ. ამისთვის საჭიროა ჰოსპიტალიზაცია“, - მიიჩნევს ექიმი.

მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG