Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ


"ქართული ოცნების" ლიდერები ირაკლი კობახიძე, მაკა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ერიკა ოლსონს, შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ოლსონს მედიასთან არ უსაუბრია, შეხვედრის დეტალებზე მხოლოდ "ქართული ოცნების" ლიდერებმა გააკეთეს კომენტარი. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

"ასევე გვქონდა საუბარი სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონს", - თქვა კობახიძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდა სამომავლო რეფორმებზე, რაც უკავშირდება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

"ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული ვიზიტები, თანამშრომლობა, რომელიც დღემდე გვაქვს, მოწმობს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი რეგიონთან მიმართებაში დიდია და ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ მათთან იმისათვის, რომ ამ თანამშრომლობაში ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სასამართლო სისტემის საკითხებზე.

"ჩვენი მხრიდან იყო განცხადებული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა გაგრძელდება იმ ანალიზის ფაქტებზე და საჭიროებებზე დაფუძნებით, რა ფაქტებსაც და საჭიროებებსაც გამოავლენს ის ანალიზი, რომელსაც ჩავატარებთ ჩვენ მესამე და მეოთხე ტალღის შედეგად", - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გეგმავს ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG