Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მივიმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას, მოგვხედოს - განკვეთილი არქიმანდრიტი


ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯაშვილის მიერ განკვეთილი არქიმანდრიტი ათინოგენ მდივანი სახალხო დამცველს მიმართავს, დაინტერესდეს მარტვილში სასულიერო პირების ეკლესიიდან გაძევების და დაკავების ფაქტებით.

ეს განცხადება მან სალხინოს ტაძრის ეზოსთან გააკეთა, რომლის ჭიშკარიც უკვე მესამე დღეა განკვეთილი მღვდლებისთვის დაკეტილია. მიუხედავად ამისა, ეპაქრიის მღვდელმთავრისგან დასჯილი პირები მაინც რჩებიან სალხინოს ტაძრის შესასვლელთან და აცხადებენ, რომ არ აპირებენ შეეგუონ ეპისკოპოს სტეფანეს „უსამართლო გადაწყვეტილებას“.

სახალხო დამცველი ჩვენ არ გვაქცევს ყურადღებას. მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას, მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია აქ ადამიანის უფლება. ეკლესიის ადმინისტრაცია ჩვენ გვებრძვის, რომელიც დაკომპლექტებულია კაგებეშნიკებით, კაზაკებით, მოგვადგნენ და გამოგვყარეს მონასტრიდან. პოლიცია ჩადგა ჩვენსა და მათ შორის და იცავს იმათ. ჩვენ აქედან არ წავალთ, აქ იქნება ყოველ დღე ასეთი ამბები. იძულებული ვართ გადავიდეთ ალბათ ქუჩის აქციებზე. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს", - განაცხადა განკვეთილმა არქიმანდრიტმა ათინოგენმა.

რაც შეეხება 7 ნოემბერს დაკავებულებს, ორი პირის გარდა, ყველა გათავისუფლდა. დაკავებულების სასამართლო კი სავარაუდოდ, დღეს სენაკში გაიმართება. განკვეთილი არქიმანდრიტის ინფორმაციით, პოლიციამ კვირას, სალხინოს ტაძართან მისული ჯერ ადგილობრივი ახალგაზრდების ნაწილი, შემდეგ კი სასულიერო პირი, უსამართლოდ დააკავა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ტაძარში ეპისკოპოს სტეფანეს ყოფნას აპროტესტებდნენ.

ჩვენ როცა გავიგეთ ახალგაზრდების დაკავების ამბავი, მეორე მონასტერში ვიყავით და მოვედით აქ. მე, მორჩილი ჩვენთან მონასტერში ვინც ცხოვრობს, შალვა ჩხიკვაძე და მამა მარკოზი. აქ როცა ჩაგვიარა ქუთაისელი, მატყუარა მღვდლების კოლონამ, მათ შეძახილებით ვაცილებდით და მოვარდა პოლიციის უფროსი, რომელსაც, ალბათ, მთელი ცხოვრების მანძილზე, შემდეგ ხშირად გავახსენდები. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ცხოვრების მანძილზე ძალიან ეტკინება.... დაიჭირეს შალვა, ხელიდან ამართვეს, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს და უჭირს გადაადგილება. მას აბრალებენ მილიციაზე ზეწოლას. ეს ჩაწერილიცაა, ტყუილია ეს ყველაფერი და დღეს ექნებათ სასამართლო“, - განაცხადა განკვეთილმა სასულიერო პირმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 7 ნოემბერს მარტვილში 6 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

მარტვილში, სალხინოს ტაძრის მიმდებარედ, კვლავ რჩებიან განკვეთილი სასულიერო პირები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი გახდა, 20-მდე სასულიერო პირს სხვადასხვა სასჯელი დააკისრა. მის მიერ განკვეთილ ბერებს სალხინოს მამათა მონასტერში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ. 5 ნოემბერს გამთენიისას მათ კელიები პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს და უკრძალავენ ტაძრის ეზოში შესვლას.

განკვეთილები ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. სტეფანე კალაიჯიშვილი ამბობს, რომ ისინი სასულიერო პირები აღარ არიან და მონასტერში მათი ადგილი აღარ არის. განკვეთილი მღვდლები ეპისკოპოსს საეკლესიო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათი განკვეთის გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად მიიღო მაშინ, როცა ამგვარ თემებზე გადაწყვეტილებას არა ცალკეული ეპისკოპოსები, სინოდი იღებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ დასაჯა და მღვდელმთავრობა აღუკვეთა.

პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები, ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG