აშშ-ში გაწვრთნილი 150-მდე ავღანელი მფრინავი ემზადება ტაჯიკეთის დატოვებისთვის და საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლისთვის - იუწყებიან თავად პილოტები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.
143 მფრინავი და კიდევ 100-მდე სხვა ავღანელი, მათ შორის ჟურნალისტები, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს აეროპორტში ელოდებიან აშშ-ის მთავრობის მიერ ორგანიზებულ რეისს, რომელიც, როგორც ჩანს იგვიანებს - იუწყება რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური 9 ნოემბერს. აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯგუფს ჯერ მესამე ქვეყანაში წაიყვანენ, საბუთების რეგისტრირების მიზნით, მანამ, სანამ ისინი აშშ-ში იმიგრაციის უფლებას მიიღებენ. რეისი შესაძლოა დღესვე ან მომავალ რამდენიმე დღეში განხორციელდეს - ამბობენ საელჩოს თანამშრომლები.
ავღანეთის საჰაერო ძალების მფრინავებმა სამხედრო თვითმფრინავებით თავი ტაჯიკეთს შეაფარეს, როცა აგვისტოს შუა პერიოდში თალიბანმა ქაბული დაიპყრო. მფრინავები ტაჯიკეთში დააკავეს და ისინი ამ დრომდე დუშანბეს შემოგარენში განთავსებულ სანატორიუმში ცხოვრობდნენ. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე პილოტები, რომლებიც აშშ-ის საჰაერო ძალებმა გაწვრთნეს, დოკუმენტების შემოწმებას ელოდნენ საიმისოდ, რომ ბოლოს საცხოვრებლად აშშ-ში გადასულიყვნენ.
რადიო თავისუფლება ოქტომბერში იუწყებოდა, რომ თალიბანმა მფრინავების ნაწილზე ზეწოლა განახორციელა და მათი ნათესავების დახოცვით დაიმუქრა, რათა პილოტები იძულებულნი გამხდარიყვნენ დაბრუნებულიყვნენ ავღანეთში.